2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია, ჩვენ, ყველანი ვწერთ ისტორიას 2 ოქტომბერს გამხნევდით, ვერც ერთი მოძალადე, კრიმინალი, პროვოკატორი ვერ გადაგვახვევინებს მართალი და ჭეშმარიტი გზიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, კედელთან მიმწყვდეული „ქართული ოცნება“ რაც უფრო უახლოვდება არჩევნების დღეს, მით უფრო ისტერიულები ხდებიან, მაგრამ მათთვის შიში ვერ იხსნის მათ პოლიტიკური მარცხისგან, ეს არის გამორიცხული.
„ქართული ოცნება“, როგორც რეჟიმი, არის უკვე დამარცხებული, როგორც მოძალადე ერთობა, არის უკვე დამარცხებული. საქართველოს თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ მოქნეული ხანჯალი, დანა ნაჯახი და ა.შ. რასაც იყენებს ეს ხელისუფლება და ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქისთვის, არის ჩემი ჭრილობა. მე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვთამაშობ, ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ვარ გულანთებული და ვარ ალალი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ უნდა, რომ ამ ქვეყანას აღარ მართავდეს კანონიერ ქურდი, არ მართავდეს მორჩილი მოსამართლე, მორჩილი პროკურორი და დაბეჩავებული პოლიციის სამსახურები. ამ ბრძოლაში მე ვარ ასობით ათას საქართველოს მოქალაქესთან ერთად მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოს ჰქონდეს მომავალი, არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან. ამ ბრძოლაში გულანთებულები ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს დავუტოვოთ შანსი, რომ მათ თავისი წილი აგური დადონ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ვერასოდეს ვერ ავუვლი და ჩავუვლი გვერდს მოძალადეს, რომელიც ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, ბავშვებზე ახალგაზრდებზე და ჭარმაგ ადამიანებზე.
ვერასოდეს შევეგუები ვერც ივანიშვილს, ვერც კობახიძეს, ვერც ღარიბაშვილს, რაც არ უნდა ზონდერები და კრიმინალები იყვნენ. რაც არ უნდა დაშანტაჟებული ადამიანები ჰყავდეთ ამ ქვეყანაში, ვერასოდეს შევეგუები იმ მძიმე რეალობას, რომლესაც გავყავართ დასავლური სივრციდან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ მოსახლეობას არჩვენებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს წყდება სახელმწიფოს ბედი.
„დღემდე ხშირად მოგიწოდებდით, გთხოვდით, მოსულიყავით რეფერენდუმზე, მიგეღოთ მონაწილეობა უმნიშვნელოვანეს კენჭისყრაში, სადაც უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს ბედი, მაგრამ დღეს მე, როგორც არასოდეს, დავრწმუნდი, რომ ყველანი ერთად შევიკვრებით, მივალთ, დავამარცხებთ უტიფრობას, მოძალადეებს. ნებისმიერმა თქვენგანმა ერთი წამით წარმოიდგინეთ თქვენი თავი, ერთ ულამაზეს სოფელში, განთიადში მშვიდობიანი კამპანიისთვის შეხვედრისთვის ემზადებით და 30 ზონდერი გესხმით თავს, დანებითა და ხანჯლებით გისწორდებიან, ამის შემდეგ გეუბნებიან, რომ შენ ხარ დამნაშავე. ერთი წამით წარმოიდგინეთ ღმერთისგან გადარჩენილი იმ ორი ადამიანის ადგილზე თავი, როდესაც 24 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა იმაზე საუბრობს, რომ თავად მოაწყვეს ეს პროვოკაცია.
არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე არ ვაპირებ შეგუებას. არ ვაპირებ არც ერთ დღეს, არც ერთი წუთითა და წამით შევეგუო უსამართლობას. პირველივე დღიდან მახსოვს 2014 წელს რატომ ჩავერთე პოლიტიკურ პროცესში და რა იყო ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი არ არის, რომ ვუყურო მოძალადეებს როგორც ბოგინობენ. ჩემი მიზნი არის, რომ ეს ადამიანები ჩამოვაშორო ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის ტყვეობიდან გავათავისუფლო.
ვერ წარმომიდგენია, რომ „ქართული ოცნების“ რიგებშიც კი, მოსწონდეთ, რასაც აკეთებს „ქართული ოცნების“ სამსახურში ჩამდგარი სუს-ი. ვერ წარმომიდგენია, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში ჩამდგარ ადამიანებსაც კი მოსწონდეთ, როდესაც იციან, რომ ყველას, ბავშვს, მოზრდილს, სასულიერო პირს, დიპლომატს უსმენენ და „ქართული ოცნების“ პასუხი არის უტიფრობა, რომ ეს ასე არ ხდება.
დღეს ყველამ კარგად დავინახეთ, რაზე დგას ხელისუფლება, დავინახეთ ის ადამიანები, ვისზეც დგას წლების განმავლობაში ეს ხელისუფლება. ზონდერებზე დგას და ვერც ერთ მართალ ადამიანს კრიმინალებითა და ზონდერებით ხელს ვერ ააღებინებთ მართალი საქმისგან. რატომ იცით? რადგან ვართ მართლები და მორალური უპირატესობა გადავდოთ გვერდით სიმართლეა ჩვენს მხარეს.
ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ საარჩევნო ოქმს გამოვიტანთ ხელუხლებელს. საქართველო, ქართველი ადამიანი, ერი მისი ამაყი და პატიოსანი გამარჯვებას იზეიმებს მოძალადეებზე, ეს არის ის, რაც მოხდება 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია, ჩვენ, ყველანი ვწერთ ისტორიას 2 ოქტომბერს. გამხნევდით, ვერც ერთი მოძალადე, კრიმინალი, პროვოკატორი ვერ გადაგვახვევინებს მართალი და ჭეშმარიტი გზიდან. ვერც ერთი მოქნეული ხანჯალი და ვერც ერთი მოქნეული დანა, ამ სახელმწიფოს არსებობას ვერ შეაწყვეტინებს“, – განაცხადა მელიამ.