ნიკა მელია - წინა ხელისუფლებამ დაუშვა ერთი მძიმე შეცდომა, როდესაც „იმედთან“ მიმართებაში ჩაიდინა დიდი სისულელე, ამ ხელისუფლებამ გააკეთა უარესი, ჟურნალისტთა მთელ ოჯახს დაუპირისპირდა
წინა ხელისუფლებამ დაუშვა ერთი მძიმე შეცდომა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც „იმედთან“ მიმართებაში ჩაიდინა დიდი სისულელე და მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდაც მოუწია, ამ ხელისუფლებამ გააკეთა კიდევ უარესი, ჟურნალისტთა მთელ ოჯახს დაუპირისპირდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან განაცხადა, სადაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მედიის ორგანიზებით პარლამენტთან მიმდინარე აქციაში იღებს მონაწილეობას.
როგორც მელიამ აღნიშნა, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე პროტესტი არ მინელდება.
„ვითარება არ შეიცვლება. არ შეიცვლება სამართლიანი საზოგადოებრივი პროტესტი. მხედველობაში მაქვს, როგორც სამოქალაქო, ეროვნულ დონეზე პროტესტი, ასევე საერთაშორისო დონეზე პროტესტი არ მინელდება. პირიქით, უფრო და უფრო გამძაფრდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. რა უნდა გააკეთონ, ამ ეტაპზე მათ ძალიან კარგად იციან – უნდა გადადგეს ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი გომელაური. ამ ნაბიჯებს თუ არ გადადგამენ, პირდაპირ გეტყვით, დაუფარავად, ეს იქნება მათთვის უარესი.
დილემის წინაშე აღმოჩნდა „ქართული ოცნება“, გასაგებია; ღარიბაშვილს თუკი მოხსნიან თანამდებობიდან, წინასაარჩევნოდ მთელი ეს მოძალადეობრივი ინფრასტრუქტურა, რომლის სათავეშიც დგას თავად ღარიბაშვილი, ჩამოეშლებათ; არ გადადგება ბატონი ღარიბაშვილი და ღარიბაშვილის თაოსნობით საარჩევნო კამპანიის წარმოება პრაქტიკულად წარმოუდგენელია მათთვისვე. როგორ მოიქცევიან, მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას მმართველმა გუნდმა, არჩევნებს წააგებს.
რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, არჩევნებზე ეს ხელისუფლება წააგებს. ეს ხელისუფლება დაუპირისპირდა ყველას, თქვენ – ჟურნალისტებს, საერთაშორისო საზოგადოებას და ადგილობრივ ქართულ საზოგადოებას. წინა ხელისუფლებამ დაუშვა ერთი მძიმე შეცდომა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც ტელეკომპანია „იმედთან“ მიმართებაში ჩაიდინა დიდი სისულელე და მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდაც მოუწია და ამ ხელისუფლებამ გააკეთა კიდევ უფრო უარესი, ჟურნალისტთა მთელ ოჯახს დაუპირისპირდა ფაქტობრივად, 53 ჟურნალისტს, ოპერატორს, რეპორტიორს. ყველა თანაბრად აღმოჩნდა ამ თავდასხმის მსხვერპლი. პრობლემას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ეს რეაგირება უნდა გამოიხატოს მათ მიერ თანამდებობის დატოვებაში. ამას ისინი თუ არ გააკეთებენ, ეჭვი აღარავის ეპარება, ვეღარ გაექცევიან პასუხიმგებლობას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.