ხელისუფლება ჩამოშლილია, პრაქტიკულად აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში შეზღუდვები იყო უკანონო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას თქმით, ნანობს, რომ ელექტრონული სამაჯური აქამდე არ მოიხსნა.
„პრაქტიკულად აღიარეს, რომ მე წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, ტყუილად მქონდა დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა, როგორიც არის პასპორტის ჩამორთმევა, პლუს სახლში მიყენია რაღაც დანადგარი, რომელიც აკონტროლებს ჩემს შესვლა-გამოსვლას. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებით, აკრძალული მქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიტყვით გამოსვლა, ანუ მიტინგზე გამოსვლის უფლება არ მქონდა.
მაგრამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, გარდა საზღვარგარეთ გასვლისა, ამ ყველაფერს ვაკეთებდი. როგორც ჩანს, თავიანთ უსუსურობაში დარწმუნდნენ და ეს ყველაფერი გააუქმეს. პასპორტსაც მიბრუნებენ, ის დანადგარი სახლიდან მიაქვთ. ე.ი. ის სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა და მომეშორებინა. ეს ხუმრობით და უფრო სერიოზულად რომ გითხრათ, ხელისუფლება ნამდვილად ჩამოშლილია, აღიარეს პრაქტიკულად რომ წელიწადნახევრის განმავლობაში შეზღუდვები იყო უკანონო.
ასევე გავიმარჯვებთ ძალიან ცოტახანში, იმ თვალსაზრისით, რომ ივანიშვილს ძალიან მალე დავანიშნინებთ ახალ არჩევნებს ან მოუწევს მას აღიარება, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა, რასაც არ გააკეთებს საზოგადოების ზეწოლის გარეშე, მაგრამ საზოგადოება აუცილებლად განახორციელებს პოლიტიკრად მომაკვდინებელ მშვიდობიან ზეწოლას.
აი ასე, ერთ მშვენიერ დღეს, ყველა პროკურორი, ყველა მოსამართლე გახდება კანონმორჩილი და ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს ხელისუფლებას. მე უბრალოდ ვნანობ, რომ აქამდე არ მოვიხსენი ეს სამაჯური, აქამდე უნდა მომეხსნა. უბრალოდ, 30-ათას ლარიანი გირაო გაზარდეს 100 ათას ლარამდე და ამით დაადასტურეს, რომ არც მოწმეებზე განვახორციელებ ზეწოლას და არც მიმალვის საფრთხე არსებობს, სიტყვით გამოსვლისასაც არავის მოვუწოდებ ძალადობისკენ.
30 ათას ლარიანი გირაო 100 ათას ლარამდე რომ იზრდება, საკუთარი საცხოვრებელი ბინა მაქვს ჩადებული და არ ვიცი, თავად გადაიანგარიშ-გადმოიანგარიშონ და იმავე ბინის ღირებულების ფარგლებში, გინდა 80 ათასამდე აწიონ, გინდა, დაწიონ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კითხვაზე, გირაოს გადახდას აპირებთ, ნიკა მელიამ უპასუხა, რომ თავად არაფერს აპირებს.
„გითხარით, ბინა არის ჩადებული და ეგ არის“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა.
მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. 2019 წლის 3 ივლისს ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველ ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოიხსნა. ამის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.