ნიკა მელია - ვიქნები თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, დამოკიდებულია ოპოზიციაში კონსულტაციებსა და დისკუსიებზე
ვიქნები თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, დამოკიდებულია ოპოზიციაში კონსულტაციებსა და დისკუსიებზე, – ამის შესხებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ მოსახლეობას ოქტომბერში გამარჯვების კამპანიაში მონაწილეობისკენ უნდა მოუხმოს.
„ვიქნები თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, ეს დამოკიდებულია კონსულტაციებსა და იმ დისკუსიებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ოპოზიციაში. მე მიმაჩნია, ყველაზე სწორი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის შემდეგი – გამარჯვების კამპანია უნდა ვშვათ, გამარჯვების კამპანიას უნდა ადევნებდეს თვალყურს ქვეყნის მოსახლეობა და მათ ამ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად უნდა ვუხმოთ ოქტომბრის თვეში. ასეთ შემთხვევაში მე თბილისის მერობის კანდიდატი ვიქნები თუ უბრალოდ ეროვნულ დონეზე ადამიანი, რომელიც ბრძოლის ავანგარდში იქნება, გულახდილად გეუბნებით ჩემთვის უმნიშვნელოც არის. მე მაინტერესებს შედეგი, რომელიც სამწუხაროდ დროში გაიწელა და აქედან გამომდინარე, საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს ქვეყანას, ვრისკავთ, რომ უკვე ემიგრაციაში წასულ საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს მრავალი წლით გავუხანგრძლივოთ ემიგრაციაში ყოფნა. ამიტომ დემოკრატიულმა ოპოზიციურმა ძალებმა ხალხთან ერთად უნდა დავიწყოთ ახალი ტემპით ამ ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.