ნიკა მელია - ვინმე ჩემ მაგივრად თუ გადაიხდის გირაოს, წინასწარ ვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია
სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება – ეს არის მთლიანად უკანონო, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა, მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მელიას თქმით, მის წინააღდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ნიკა მელიას განმარტებით, გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს და არც გადახდისთვის საჭირო სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი მოუთხოვია.
მელიას განცხადებით, საიდენტიფიკაციო კოდი მხოლოდ ბრალდებულზე და მის ადვოკატზე გაიცემა, თუმცა აღნიშნული კოდი არც ერთს აქვს. შესაბამისად, მელიას განმარტებით, თუ ვინმე მის მაგივრად გირაოს თანხას გადაიხდის, ეს პროკურატურის და ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია იქნება.
„20 ივნისის მოვლენების დროს სიმართლის ხაზი გადიოდა პარლამენტის პერიმეტრზე. გარეთ აღშფოთებული პატრიოტები იდგნენ და იცავდნენ ქვეყანას, შენობის შიგნით კი მყოფი კობახიძე-გავრილოვი შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას.
პარლამენტს გარეთ მყოფი ხალხის სიმართლე აღიარა თავად ხელისუფლებამ და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, თანამდებობიდან გადადგომა მოუწია მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს და მივიღეთ პროპორციული არჩევნების დაპირება.
მიუხედავად ამისა, მაშინ „ოცნებამ“ გადაგვაგდო, უკან წაიღეს პროპორციული სისტემის დაპირება და ჩემი და სხვა ადამიანების წინააღმდეგ რამდენიმე კვირაში დაიწყო პოლიტიკური დევნა.
მიუხედავად ამისა, ხალხის ნების გამოხატვის მოლოდინში, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები 2020 წლის არჩევნების შედეგად დაიბრუნებდნენ ლეგიტიმაციას, მოთმინებით ველოდი საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა 2020 წლის არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ არა სახელმწიფო ინტიტუტების ლეგიტიმაციის დაბრუნება, არამედ არჩევნების ტოტალურად გაყალბება და „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების სრული უზურპაცია, უსამართლობასთან ბრძოლის ახალი ეტაპიც ზუსტად ამ დროს დადგა. ამიტომ, 1 ნოემბერის აქციაზე საჯაროდ მოვისროლე სამაჯური და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვარ ჩაბმული უკომპრომისო ბრძოლაში. არც მე და არც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს.
სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება – ეს არის მთლიანად უკანონო და არალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა და პირველად ჩემს წინააღმდეგ იყენებენ. მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ…ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია! მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ „სამართლებრივ“ ლაბირინთებში შეყოლას მაშინ, როდესაც ვიცი, რომ ვარ მართალი და ვიცი, რომ ჩემს წინააღდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად!
გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე, ან მის ადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არც მოუციათ, შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია.
ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიცი, რომ ამ ბრძოლაში მართალი ვარ! და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს! მე არ გადავიხდი გირაოს! არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ!“, – წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.
20 ივნისის მოვლენების დროს სიმართლის ხაზი გადიოდა პარლამენტის პერიმეტრზე.
გარეთ აღშფოთებული პატრიოტები იდგნენ და…
Posted by Nika Melia / ნიკა მელია on Wednesday, February 10, 2021