ნიკა მელია - ვინც ერთობის აუცილებლობას ვერ ხედავს, საერთოდ ვერ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს დინამიკაში ან არ სურს დანახვა
გაცილებით იოლია, მაჟორიტარული ოლქები გადაინაწილო „ევროპულ საქართველოსა“ და „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთად, ვიდრე კონსენსუსს მიაღწიო ყველა პოლიტიკურ აქტორთან, მაგრამ თბილისში პირველ ტურში ამ ფართომასშტაბიან ერთობას შესწევს ძალა, დაამარცხოს ოლიგარქი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემ მიერ გახმაურებული ენმ-ის გადაწყვეტილება თბილისის მაჟორიტარული ოლქების დათმობის თაობაზე, ზოგიერთისთვის მოულოდნელი იყო.
თბილისში არსებულ ვითარებასა და პოლიტიკურ კონტექსტში, ივანიშვილის ოცნების დასამარცხებლად უკიდურესად აუცილებელია ოპოზიციური ერთობა და ის, რომ ეს ერთობა, რაც შეიძლება, მეტ პარტიას მოიცავდეს და სრულად ფარავდეს არსებულ ოპოზიციურ სპექტრს.
მერწმუნეთ, გაცილებით იოლია, მაჟორიტარული ოლქები გადაინაწილო „ევროპულ საქართველოსა“ და „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთად, ვიდრე კონსენსუსს მიაღწიო ყველა პოლიტიკურ აქტორთან, მაგრამ თბილისში, პირველ ტურში, ამ ფართომასშტაბიან ერთობას შესწევს ძალა, დაამარცხოს ოლიგარქი.
ვინც ამ ერთობის აუცილებლობას ვერ ხედავს, საერთოდ ვერ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს დინამიკაში ან უბრალოდ არ სურს დანახვა.
ოპოზიციური სპექტრისთვის ექვსი მაჟორიტარული ოლქის დათმობა ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში სრულად იყოს წარმოდგენილი არსებული პოლიტიკური სპექტრის ინტერესები და მეორე მხრივ, ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება.
ბევრი ჩვენი მხარდამჭერი, გულშემატკივარი წუხს, რომ თუ რომელიმე რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ენმ-ის, ან ენმ-ის ბლოკის წარმომადგენელი არ იქნება დასახელებული, ეს გამოიწვევს პარტიის ხმების დაკარგვას პროპორციულ არჩევნებში.
მინდა, განვმარტო, არანაირად არაა პარტიული ხმები მიბმული მაჟორიტარულზე და პირიქით. გადავხედოთ წინა არჩევნების შედეგებს და დავრწმუნდებით. ბევრ მაჟორიტარს პარტიაზე ნაკლები ხმა აქვს აღებული.
გარდა ამისა, მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, პირადად ვაგებ პასუხს თბილისურ კამპანიაზე, ყველგან, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული იქნება, ან არ იქნება ჩვენი ბლოკის წარმომადგენელი.
გამარჯვებისთვის ხშირად მოულოდნელი ნაბიჯებია საჭირო და ყოველთვის – პასუხისმგებლობის აღება! თუ პოლიტიკოსს ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, სხვების ტყვეობაში კი არ უნდა იყო, პირიქით სხვები უნდა დაარწმუნო შენი პოზიციის სისწორეში.
არასოდეს მიბრძოლია ფრონტის მეორე, მესამე ხაზზე, არასოდეს ამოვფარებივარ აქტივისტებს და არც პასუხისმგებლობას გავქცევივარ და თუკი დღეს, ჩემ მიერ ერთობის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი არ მოსწონს ზოგს, არაუშავს, ცოტა გვიან მიხვდებიან, რომ სწორად მოვიქეცით. ეს გვიან არც ისე გვიან იქნება – სულ რამდენიმე თვეში.
ვინც არ ნებდება, ის იმარჯვებს!“, – წერს ნიკა მელია „ფეისბუქზე“.