ნიკა მელია - ვინ რომელ ქალაქში და რა კონფიგურაციით იქნება, ძალიან მალე გადაწყდება
ვინ რომელ ქალაქში და რა კონფიგურაციით იქნება, ძალიან მალე გადაწყდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს და ქვეყანას მოუტანს ვადამდელ არჩევნებს.
„დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიცია იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც დადებს შედეგს. ოპოზიცია იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც მომდევნო წელს, გაზაფხულზე ამ ქვეყანას მოუტანს ვადამდელ არჩევნებს, რისი მეშვეობითაც შეიცვლება აღმასრულებელი ხელისუფლება, შეიცვლება საპარლამენტო ხელისუფლება და შეიცვლება სასამართლო ხელისუფლებაც. ვინ იქნება, რომელ ქალაქში, რა კონფიგურაციით – ეს ყველაფერი ძალიან მალე, ვფიქრობ მაქსიმუმ ერთ კვირაში გადაწყდება და ყველა პარტია მიიღებს თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
ოპოზიცია იქნება ძალიან მართალ ბრძოლაში და ქართველ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს. მჯერა, როგორც ვიყავი დარწმუნებული. რომ გლდანში გავიმარჯვებდით ოპოზიცია და გავიმარჯვეთ ნამდვილად, იგივე განცდა მაქვს, იგივე ინფორმაცია, იგივე პრაქტიკული ცოდნა და ვიცი, რა არის გასაკეთებელი, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა იცის რა აქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კითხვაზე, იბრძოლებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში საერთო კანდიდატით, მელიამ უპასუხა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„როგორც არ უნდა იყოს, „ქართული ოცნება“ დამარცხდება. „ქართული ოცნებისთვის“ 43 პროცენტი არის მიუღწეველი. მერწმუნეთ, ოპოზიცია არ აპირებს ფარ-ხმალის დაყრას, პირიქით, მისი ჯანსაღი ნაწილი აპირებს გამარჯვებას.
რა მნიშვნელობა აქვს, როგორ იქნება. მაგალითად, გლდანში როდესაც გავიმარჯვე, იყო 16 კანდიდატი. თქვენ ახლა თუ გაქვთ მოლოდინი, რომ ორი და სამი კანდიდატი იქნება, ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა. არ არის ეს მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კითხვაზე, თავად იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, მელიამ უპასუხა, რომ მისთვის ეს მეათეხარისხოვანია.
„ჩემთვის ეს არის მეათეხარისსხოვანი. მე ვიქნები იმ ბრძოლაში რომელიც შედეგს მოუტანს ამ ქვეყანას. უახლოეს დღეებში კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება და ბრძოლა დაიწყება. ვინც ამ ბრძოლაში ჩაერთვება, ჩაერთვება, ვინც არა, ეტყობა ამ არჩევნებს გამოტოვებს“, – აღნიშნა მელიამ.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ მელიას კანდიდატურა დამარცხების ფორმულა იქნება, მან განაცხადა: „მერე რა ვქნა, გასაგებია. ეტყობა, მართალს ამბობს, არ ვაკეთებ კომენტარს“.
ამასთან, მელიამ დასძინა, რომ ყველა უნდა გამოვიდეს ვიწროპარტიული ინტერესებიდან.
„ვინც ვიწროპარტიული ინტერესიდან არ გამოვა ამ არჩევნებში, ის პარტია ძალიან მძიმე შედეგებს მოიმკის. მე დარწმუნებული ვარ, ასეთი პარტია ძალიან ცოტა იქნება. ძალიან მინდა, ამისი მჯეროდეს იმიტომ, რომ ქართველ ხალხს არ აინტერესებს, ოპოზიციურ ველზე ვინ ვის ექიშპება, ის აინტერესებს, რას შევთავაზებთ და რა ბრძოლაში შევდივართ. დამიჯერეთ, ყოველთვის გამოჩნდება ოპოზიციაში იმ ადამიანთა წრე და ჯგუფი, ვინც ითავებს ლიდერობას და ბრძოლის ავანგარდში ჩადგება. სამი ადამიანი რომ ჩადგეს და ჩვიდმეტი რომ სახლში წავიდეს, ეს სამი ადამიანი მოიგებს საქართველოს მოსახლეობასთან ერთად“, – განაცხადა მელიამ.