ნიკა მელია - ვიდრე არ დავინახავთ, რომ სააკაშვილი არის საავადმყოფოში, ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ
ვიდრე არ დავინახავთ, რომ სააკაშვილი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნიკა მელიამ მხარდამჭერებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და შემართებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა შესაშური და საამაყოა.
„მე აქ დღეს კონკრეტული გეგმით მოვედი. გეგმა, რომელიც იქნებოდა სისრულეში მოყვანილი უმწვავესი ფორმით, მაგრამ არაძალადობრივი. გზაში დაგვაწიეს ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. მათ გორის ჰოსპიტალში გადაყვანა რომ სდომოდათ, რუსთავის ციხიდან გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, სადაც არანაირი ელემენტარული სამკურნალო შესაძლებლობებიც კი არ არსებობდა, და ეს დაამტკიცა სამმა განსხვავებულმა კონსილიუმმა, მედიცინის მუშაკებით დაკომპლექტებულმა. თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება პრაქტიკულად აკეთებს მხარდასაჭერ განცხადებებს როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ. დიახაც, რომ არა ეს ძალადობრივი ბრძოლა, მერწმუნეთ, არც ერთი განცხადება არ გაკეთდებოდა.
„ქართულ ოცნებას“ უნდოდა, ჩავეთრიეთ ძალადობრივ პროცესებში. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში და ადგილობრივი საზოგადოების თვალშიც თავი აქვს მოჭრილი „ქართულ ოცნებას“, მთელი მორალური უპირატესობა არის საზოგადოების მხარეს და ოლიგარქს აღარანაირი უპირატესობა აღარ დარჩა, გარდა თოფიანი ადამიანებისა. ისინი ეძებდნენ არგუმენტს, საბაბს, როგორ გამოეყენებინათ ძალა და როგორმე ჩაეხშოთ პროტესტი, უმძიმეს პირობებში ემყოფებინათ ამ ყველაფრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი იქ, სადაც ჰყავთ დატყვევებული“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ახლა ყველა უნდა დაელოდოს მიხეილ სააკაშვილის პასუხს.
„მადლობა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და ძალიან მტკივნეული დღეები ძალიან სწორად გავიარეთ და არ მივეცით ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, მოგონილი საქმეებით სისხლი დაეღვარათ და შემდეგ ეთქვათ, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ, ჩაეხშოთ ყველა პროტესტი, რაც შესაძლებელი იქნებოდა გამართულიყო თბილისის ქუჩებში და აეკრძალათ მერე ყველა დეპუტატისთვის, რომელსაც შეუშვებდნენ და მთლიანად დაუცველი გვეყოლებოდა მიხეილ სააკაშვილი. ეს ყველაფერი სამჯერ ავიცილეთ. შედეგად, დღეს ვაიძულეთ რეჟიმი და ხელისუფლება, გაეკეთებინათ ის განცხადება, რომელიც გააკეთა. ისიც იცოდნენ ძალიან კარგად, რაღაცნაირად თუ გაჟონავდა, რას ვაპირებდით დღეს, ესეც არაძალადობრივი იქნებოდა, მაგრამ ბევრად მწვავე, ისეთი, რომელიც, გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, 33 წელია, ამ ქვეყანას არ უნახავს. ამ გეგმით ვიყავით დღეს წარმოდგენილი. 33 წლის განმავლობაში, ის, რასაც ჩვენ დღეს გავაკეთებდით, არ უნახავს ქვეყანას, არაძალადობრივი პროტესტი, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა.
ჩვენი მეგობრები არიან შესული მიხეილ სააკაშვილთან, უნდა დაველოდოთ მის პასუხს და დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი. მისი სიცოცხლე რომ ძვირფასია, ეს ყველაზე კარგად მან იცის. მისი სიცოცხლე რომ დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან, ესეც ძალიან კარგად იცის. მე ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, უნდა დაველოდოთ. ჩვენ ამ ხელისუფლებას არ ვენდობით, ვიდრე ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში. ჩვენ არ უნდა დავიშალოთ, დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, სხვა გეგმებზე ვისაუბროთ. მე ძალიან მყარად მწამს, რომ ვიდრე არ გადაიყვანენ და არ დავინახავთ, რომ ადამიანი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.