ნიკა მელია - ვიცი, რას განიცდი, მიშა, ბევრს ეცადნენ მტრები თუ მოყვარეები, ჩვენს შორის უთანხმოება ჩამოეგდოთ, როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, გვერდში დგომის მეტი ჟინი მიჩნდებოდა
უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან მიხეილ სააკაშვილს.
როგორც მელიამ აღნიშნა, მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის უთანხმოების ჩამოგდებას სხვადასხვა ადამიანები ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ.
„დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც 30-ე დღეა, სამარტოო საკანში შიმშილობს, დიდი მადლობა მას. ვიცი, ახლა გვადევნებს თვალყურს და მინდა, მას მივმართო. ვიცი, რას განიცდი ახლა შენ, მიშა. ბევრს ეცადნენ მტრები თუ სადღაც-სადღაც მოყვარეები, რომ ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ, როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა და მეტი მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და ყველაფერი გავაკეთო, რომ იქიდან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ქართველი ადამიანი, ოღონდ არა გამოკეტილი ციხის საკანში. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას“, – განაცხადა მელიამ.