ნიკა მელია - ვერ წარმომიდგენია, ვის შეიძლება აღმოაჩნდეს იმდენი გამბედაობა, რომ პარლამენტში შესვლით საკუთარი თავის განადგურებაზე მოაწეროს ხელი
ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუპირისპირდება ერთობას და ეცდება ერთობის შებღალვას, ჩამოშლას მე მათ პოლიტიკურად დავუპირისპირდები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, ალეკო ელისაშვილი უფრო მკვეთრ განცხადებებს გააკეთებს, რაც საზოგადოებაში გააქრობს მითქმა-მოთქმას, აპირებს თუ არა ის ივანიშვილის პარლამენტში შესვლას.
ნიკა მელიას განმარტებით, მისი მოლოდინია, რომ ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ შევა.
„ძალიან ცუდია, მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ძალიან ბევრ ეთერში, ვინც არ უნდა იყოს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუპირისპირდება ერთობას და ეცდება ერთობის შებღალვას, ჩამოშლას მე მათ პოლიტიკურად დავუპირისპირდები.
უბრალოდ, არასწორია მიზეზეზად რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მოყვანა და ამით რაღაც საბაბის შექმნა, თითქოს ცალკეული ადამიანები არიან ხელშემშლელები და ამიტომ რახან ისინი არიან ცუდები, პარლამენტში უნდა შევიდე?
ამას გავს ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, ალეკო ელისაშვილი და ნებისმიერი სხვა კიდევ უფრო კარგ და მკვეთრ განცხადებებს გააკეთებენ, რაც საზოგადოებაში გააქრობს ყველა მითქმა-მოთქმას იმასთან დაკავშირებით, აპირებენ ისინი ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში შესვლას, თუ არა. მე რატომ მაქვს მოლოდინი, რომ არავინ არ შევა? იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია, ვის შეიძლება აღმოაჩნდეს იმდენად სითამამე და გამბედაობა, რომ საკუთარი თავის განადგურებაზე ხელი მოაწეროს.
საკუთარი თავის განადგურებაზე ხელს ვინც მოაწერს, ის უბრალოდ პოლიტიკოსი ვეღარ იქნება, ბიძინა ივანიშვილი მაინც ვერ იტყვის, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდაო, როდესაც ერთი ან ორი პოლიტიკოსი შევა პარლამენში და ამით დაუკანონებს ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს. საზოგადოება ხომ არ ჩათვლის, რომ ოპოზიცია შევიდა პარლამეტში. ყველა ჩათვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა ერთი, ორი ან სამი ადამიანი და იქნებიან არა 90, არამედ 93. მე დარწმუნებული ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ ამ სასაკლაოს საკუთარ თავებს არავინ არ მოუწყობს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ახლა არსებობს შესაძლებლობა, „მოლაპარაკებიდან გამოიტანონ საქართველოს მომავალი, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები“და თუ ექნება შესაბამისი დოკუმენტები თავისი გარანტიით, საშვილიშვილო საქმისთვის პარლამენტში შევა.