ნიკა მელია - ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, გადაწყვეტილებას, ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და დამოკიდებულება, ახლა რაც ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, უშუალოდ გადაწყვეტილებას. ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის, რადგან სივრცეები სულ უფრო და უფრო მეტი რჩება სპეკულაციისთვის, ნიჰილიზმისა და დეპრესიული ბაცილების უხვად… პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ სხვადასხვა ჯგუფები ჰყავს მხარდამჭერების, ეს სიძლიერეა ჩვენი, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს ერთი ძირითადი იდეა, რის გარშემოც ვართ გაერთიანებული, ამ ქვეყნის გამოყვანა მოჯადოებული წრიდან. თქვენთვისაც, ჩვენთვისაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისი პოზიცია და დამოკიდებულება. უბრალოდ ის, რაც ახლა ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე ახლა. არ ვიცით, არ ვიცნობთ ადამიანს, ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს და ხომ არ მოგატყუებთ ახლა. ამ განცხადებების შემდეგ, ახლა გითხრათ, რომ სურვილი მაქვს მისი გაცნობის, ნაკლებად ვიქნები დამაჯერებელი. ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ერთ-ერთი მათგანი შევა და მოინახულებს ზეგ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე კონტექსტს აღვიქვამ ბევრი თვალსაზრისით ძალიან ადეკვატურად და არ მინდა, ჩემი თუნდაც ძალიან მართალი პოზიციიდან გამომდინარე იმ პროცესს ხელი შევუშალო ნებსით თუ უნებლიეთ, რამაც შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს საზღვარგარეთ, უფლება არ მაქვს ამ ეტაპზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.