ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად რჩება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, როგორი ფორმით მიიღებს მონაწილეობას ვანო მერაბიშვილი არჩევნებში, მისი გადასაწყვეტია.
როგორც მელია ამბობს, იმედოვნებს, რომ „ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური, პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება“.
„არავის აქვს უფლება ამ ქვეყანაში კი არა, საერთოდ დუნიაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს უარი უთხრას პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე და მით უფრო, ვანო მერაბიშვილს, რომელმაც შვიდი წელიწადი გაატარა სამარტოო საკანში. ვიმედოვნებ, რომ იგი ამ უფლების რეალიზებას მოახდენს და ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად, ვინაიდან ამ ყველაფრის უფლებას იძლევა მისი უდიდებულესობა ხალხი. როგორი ფორმით გადაწყვეტს იგი კარს მომდგარ არჩევნებზე მონაწილეობას, პირველ რიგში მისი გადაწყვეტილება იქნება და მან უნდა განაცხადოს.
ვიმედოვნებ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური, ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში. დანარჩენს თავად განაცხადებს. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ვანო მერაბიშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, როდესაც იგი შევიდა ბიძინა ივანიშვილის საპატიმროში. მაშინ გახლდათ გენერალური მდივნის სტატუსის მატარებელი. დღეს ვანო მერაბიშვილი რჩება „ნაცმოძრაობის“ წევრად. იგი არ გახლავთ ფორმალურად გენერალური მდივანი. უფრო მიკვირს, როდესაც კითხვა იბადება, უნდა ჩაერთოს თუ არა პოლიტიკურ პროცესებში“,- განაცხადა ნიკა მელიამ.