ნიკა მელია - ვაგრძელებთ მძლავრ, უწყვეტ, არაძალადობრივ საპროტესტო მოძრაობას და პარასკევს აქციებს სამ სხვადასხვა ადგილზე გავმართავთ
საქართველოს ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალა, სამოქალაქო საზოგადოება და უბრალოდ საქართველოს ნებისმეირი პატიოსანი მოქალაქე ხვდება, რომ საქართველოში სწრაფი ტემპით ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ართმევს ისტორიულ არჩევანს, რომელიც გულისხმობს კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე მდგომ სახელმწიფოს, რომელიც უნდა იყოს ინტეგრირებული ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროზე, ამ ყველაფერზე ღიად განაცხადეს უარი.
„ჩვენი ვალი არის განურჩევლად სტატუსისა, პროფესიისა, საქმიანობისა, ვართ პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ექიმები თუ უბრალოდ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს პასპორტი უდევს ჯიბეში, ყველას გვაქვს ერთი მიზანი და ამოცანა, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთში, ბელორუსიაში. რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო, მძლავრ, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას. მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად ამ შემთხვევაში უკვე პარტია „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და პარტია „დროამ“, რომ გაიმართოს პარასკევს 15:00 საათზე თბილისში სამ განსხვავებულ გეოგრაფიული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, რაც გინდათ ის დაარქვით. თბილისში პარასკევს 15:00 საათზე გელოდებით შემდეგ ადგილებზე – მეტრო „ავლაბართან“, სადაც შეიკრიბება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი და ვიქნებით წარმოდგენილი ჩვენ იქ, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანთან“ იმავე დროს მსვლელობას სათავეში ჩაუდგება პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები, ლიდერები და მესამე ლოკაცია იმავე საათზე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“, ვაჟა ფშაველას გამზირის ბოლოში იცით, სადაც მსვლელობას, დემონსტრაციას სათავეში ჩაუდგება „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერები. ვისთვისაც მართლაც არ არის უმნიშვნელო, ვიცხოვრებთ იმ სახელმწიფო, სადაც უბრალოდ აღარც მართლმსაჯულება იქნება, ნიშანწყალიც არ იქნება და აღარ მომკითხავი იქნება, რატომ გიჭერენ, რისთვის გიჭერენ. ვისაც ეს ყველაფერი არ გვინდა, რომ ხდებოდეს და ვისაც გვინდა თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება, განათლებული ახალგაზრდობა, უზრუნველყოფილი ჩვენი უფროსი თაობა, ყველა ამ ადამიანს ველოდებით პარასკევს 15:00 საათზე სამ განსხვავებულ ადგილზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.