ნიკა მელია - ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის შელახული კონსტიტუციური უფლება უნდა აღდგეს
ნიკა მელია - ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის შელახული კონსტიტუციური უფლება უნდა აღდგეს

საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღდგეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის, კონსტიტუციური უფლება, რომელიც შეილახა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება პარლამენტიდან დეპუტატის გამოძევება იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული.

ამასთან, მელიას განმარტებით, გადაწყვეტილება ვერ იქნება კანონიერ ძალაში შესული, ვიდრე არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა.

„პირველ რიგში, მაინტერესებს, რამდენად გვაქვს ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლო და რამდენად არის მზად საკონსტიტუციო სასამართლო, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. არ მოგატყუებთ და ჩემს პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით გეტყვით, არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიყო იმ ბატონების კოლეგა, რომლებიც არიან წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“. საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღდგეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის, კონსტიტუციური უფლება, რომელიც შეილახა, კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტარის გამოძევება პარლამენტიდან არის წარმოუდგენელი. კანონიერ ძალაში შესულად გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება, ვიდრე არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა. მე რომ ახლა სააპელაციო სასამართლოში მოვიგო (ვასაჩივრებთ იმ დადგენილებას, რომლითაც გამომაგდეს პარლამენტიდან), არ არსებობს ინსტრუმენტი, რომლითაც მე დავბრუნდები პარლამენტში. ეს ინსტრუმენტი დევს აქ, საკონსტიტუციო სასამართლოში“ ,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმ დადგენილების გაუქმება იქნება, რომლის საფუძველზე პარლამენტიდან გააძევეს.

„ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მათ უნდა მიიღონ, არის იმ დადგენილების გაუქმება, რის საფუძველზეც მე გამომაძევეს, მოხდეს ჩემი კონსტიტუციური უფლებების აღდგენა, ვიდრე გასაჩივრების პროცედურები არ ამოიწურება მეორე და მესამე ინსტანციაში სასამართლოში. აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოში ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ მქონია, მინდა, გავერკვე, რა დოზით არის შემოსული ბიძინა ივანიშვილის გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოში.იმედი მაქვს, რომ მათ პროფესიულ ღირსებას წინ დააყენებენ, ვიდრე სხვა რაიმე გავლენას, რომელიც არაერთ ადმინისტრაციულ ორგანოს თავს ახვევია“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკანორ მელიას სარჩელს განიხილავს.

ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

დადგენილება მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ნიკა მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს.

საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკანორ მელიას სარჩელის განხილვა აქციის ფონზე დაიწყო.

„თავისუფლება ნიკა მელიას“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივიას“ წევრები სასამართლოს შენობასთან.

აქციის მონაწილეების შეფასებით, მელიას უკანონოდ ჩამოერთვა დეპუტატის მანდატი, გარდა ამისა ისინი მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიაზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა და შესაძლოა, ყოფილი დეპუტატი დააპატიმრონ.

აქციის მონაწილეებმა სასამართლო დარბაზში გადაინაცვლეს. სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებიან.