ნიკა მელია - უცნაურად, უცაბედად სააკაშვილის „ფეისბუქიდან“ ქრება „არმოსაწონი პოსტი“, ამას აკეთებს ხალხი, ვინც ამტკიცებდა, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არ არის
უცნაურად, უცაბედად სააკაშვილის „ფეისბუქიდან“ ქრება „არმოსაწონი პოსტი“. ამას აკეთებს ხალხი, ვინც ამტკიცებდა, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ნიკა მელიას თქმით, სიმართლისთვის და სამართლიან ბრძოლას წესები აქვს.
„მრავალჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ტყვეობაში მყოფი ადამიანის პოსტებზე, პოზიციებსა და შეფასებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა გავაკეთებ კომენტარს მათზე, ვინც პატიმრის სახელსა და რეპუტაციას ეფარება, ვიწრო მერკანტილური ინტერესისთვის იყენებს, ერთ დღეს ამბობს – აი, მიშამ თქვა და წადი, მეორე დღეს კი აშანტაჟებს, ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს, როდესაც მისი პოზიცია არ მოსწონს. ამას აკეთებს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ბრიფინგის სახით. ვნახეთ თავმჯდომარის შანტაჟის ტონში ფორმულირებული მოთხოვნა და უცნაურად, უცაბედად, „ფეისბუქიდან“ ქრება მათთვის „არმოსაწონი პოსტი“. ამას აკეთებს ხალხი, ვინც თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არ არის. ამას აკეთებს ხალხი, რომელსაც ერთი კვიპროსული ხელი მართავს, მათ მესიჯსა და მოთხოვნას აყალიბებს. ამით კი, პირველ რიგში, მიშას რეპუტაციას აზიანებს, მის სიტყვას ფასს უკარგავს. სიმართლისთვის და სამართლიან ბრძოლას აქვს თავისი წესები, რომელსაც თუ არღვევ, სიმართლეს კარგავ. შანტაჟი „ოცნების“ ხელწერაა, მისი მიზანია, ისეთი ცუდი იყოს ოპოზიცია, რომ „ოცნება“ მუდამ იყოს ხელისუფლებაში. შანტაჟსა და კომპრომატებში „ოცნება“ აუცილებლად გაჯობებს, მით უმეტეს, როდესაც მერაბიშვილ-კეზერაშვილზეა საუბარი. მიშა აუცილებლად იქნება თავისუფალი და აუცილებლად გულწრფელად, თამამად ჩავხედავ მას თვალებში, მანამდე კი „ოცნებასთან“ ბრძოლაა მოსაგები, გამარჯვების რწმენით, სიმართლითა და ღირსებით. ეს ბრძოლა უკმოპრომისობითაა მოსაგები და არა მორალური კომპრომისებით დასუსტებული პოზიციით, რაზეც პარტიის მენეჯმენტი არა მხოლოდ თავად მიდის, არამედ სხვისგანაც იმავეს მოითხოვს“, – წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, 3 ნოემბერს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა“. 5 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა სააკაშვილის პოსტი, სადაც ეწერა: „მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. ჩემს გამოსვლაში ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე“. აღნიშნული პოსტი სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე დღეს აღარ იძებნება.