ნიკა მელია - თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრია, მის მოსანახულებლად ჩამოვიდა, ჩვენ კი ცხოვრებაში ნანახიც არ გვყავს ერთმანეთი
თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრია, ბიძად ეკუთვნის და მის მოსანახულებლად ჩამოვიდა, ჩვენ კი ცხოვრებაში ნანახიც არ გვყავს ერთმანეთი, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს მმართველი გუნდის გზავნილს, რომ თემურ ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის დავალებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შიმშილობა აიძულა და ეს იყო პირდაპირი მუქარა.
„ეს არის „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი პროპაგანდა, რითაც ისინი, პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას. ისინი იმდენად არიან ახლართული თავიანთივე პროპაგანდის აბლაბუდაში, რომ ვერ გაერკვნენ, რომელი ერთი აიღონ და განავითარონ. მთელი ამ თვეების და განსაკუთრებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში საუბრობდნენ, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის წარმოუდგენლად მაღალი მასშტაბის კონფლიქტია, თითქოს, დღე-დღეზე საჯაროდ დავუპირისპირდებით ერთმანეთს. როცა მე თავად გახლდით ციხეში, სხვა პროპაგანდას აწარმოებდნენ. უცებ, მოვიდა ეტაპი, როცა პროპაგანდა დასჭირდათ და ამბობენ, თურმე, არა უბრალოდ მიხეილ სააკაშვილს შეძლებია ჩემთვის მითითების მოცემა, არამედ მის ბიძას“, – განაცხადა მელიამ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იყო თუ არა შეთანხმებული სააკაშვილთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 დეკემბერს გამოცხადებული ბრძოლის სტრატეგია და იყო თუ არა ის ჩართული მთელ ამ პროცესში, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესში ჩართული იყო თუ არა, სუს-ის მეშვეობით ეს ყველაზე კარგად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იცის.
„მიხეილ სააკაშვილი 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ ჰყავთ იქ, სადაც ჰყავთ და როგორ შეიძლება, ასეთი დეტალი, რომელიც ადამიანის მიერ უვადო შიმშილობის გამოცხადებას ეხება, ვინმემ წაახალისოს, ან მიხეილ სააკაშვილმა, ან მე – ვინმე სხვა ადამიანი?! არ იყო, თუ გაინტერესებთ, კონკრეტულად საქმის კურსში, რა თქმა უნდა. ეს არის ის საკითხი, რომელიც მე, მთელი ჩემი რწმენით გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიამ ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ადრე თუ გვიან, ციხიდან გამოვა და ის ციხეში არ იქნება.
„მიხეილ სააკაშვილი, ადრე თუ გვიან, ციხიდან გამოვა, ხალხო და ციხეში არ იქნება. რად უნდა ამას საუბარი, რომ ის ციხეში არ იქნება?!“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ოპოზიცია სამაგალითოდ პასუხისმგებლიანად იქცევა.
„ოპოზიცია დიახ, სამაგალითოდ პასუხისმგებლიანად იქცევა. დიახაც, სამაგალითოდ. განსხვავებით, შესაძლებელია, წინა წლების და წინა ხელისუფლების ოპოზიციისგან და ბოლო წლების ოპოზიციასაც ვგულისხმობ. გულახდილად გეუბნებით. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არაძალადობრივ მეთოდებს იყენებს, რათა თქვენც და მეც თავისუფლების მეტი ხარისხი მოგვიპოვოს“, – განაცხადა მელიამ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა წინადადებებით მიდის სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, როგორ ესახება ეროვნული თანხმობა და გადის თუ არა თანხმობის გზა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნა, რა თქმა უნდა, არის დასასრულებელი, მაგრამ ეს არ არის მთავარი და უმთავრესი.
„მთავარი არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების და ოლიგარქიული წესწყობილების დასრულება. რაზე ვისაუბრებ ქალბატონ ზურაბიშვილთან, რომელთანაც ორშაბათს ორ საათზე აუცილებლად მივალ, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდება სალომე ზურაბიშვილისთვის. მერე, ნაწილი ინფორმაცია გაზიარებული იქნება თქვენთან“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, უვადო შიმშილობა არის ბრძოლის სტრატეგიის ნაწილი.
„პროტესტის სხვადასხვა ფორმა, შინაარსობრივად სხვაგვარად დატვირთული, აუცილებლად იქნება სახეზე და მოქმედებაში მოყვანილიც იქნება, ვიდრე რეჟიმი მიტაცებულ ხელისუფლებას არ დათმობს, ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.