„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალისთვის სამ ლოკაციაზე დაგეგმილ მანიფესტაცია-მსვლელობას აუქმებენ. ნიკა მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, სამ საათზე აქციას გამართავს რესპუბლიკის მოედანზე.
ნიკა მელია მოქალაქეებს პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„სადისტური რეჟიმი მოქმედებაშია, არ ავლენს ელემენტარულ ადამიანურ ნიშნებსაც კი და ცდილობს, სისრულეში მოიყვანოს ამ ქვეყნისთვის დამღუპველი გეგმა, უარს არ ამბობს საკუთარ მანიაკალურ სურვილზე, არც მეტი და არც ნაკლები, დატყვევებული ადამიანი მოკლას, მოკლას არა საავადმყოფოში, არა ციხეში, არამედ იქ, სადაც მოისურვა ბიძინა ივანიშვილმა. ის არც ციხეა და არც საავადმყოფო, ის არის უბრალოდ რაღაცა შენობა, სადაც დატყვევებული ჰყავს ადამიანი. არ აიღო ხელი ამ მანიაკალურ სურვილზე ბიძინა ივანიშვილმა, მათ შორის არ შეისმინა ყველაზე კომპეტენტური ექიმების რჩევები, დარიგებები, არც მათ მიერ გაკეთებული მძიმე პროგნოზები არაფრად ჩააგდო. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში, როგორც არასოდეს, ახლა საჭიროა სრული მობილიზაცია და სრული ერთობა. ჩვენ, ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე გასამართ მანიფესტაცია-მსვლელობას ვაუქმებთ. მქონდა პარტიებთან კონსულტაცია და ხვალ, ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, გელოდებით სამ საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა, ყველა საქმე გადადონ და აქციაზე მივიდნენ. ამასთან, ხელისუფლებას მოუწოდა, უახლოეს საათებში გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში.
„ყველას კიდევ ერთხელ გთხოვდით, გადავდოთ ყოველგვარი დაგეგმილი ჩვენი საქმიანობა, იქნება ეს საოფისე საქმიანობა, სხვადასხვა ტიპის საოჯახო საქმიანობა და ყველანი უნდა გამოვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა არის სახელმწიფოს მკვლელობა მრავალი წლით და ეს უნდა გავიზაროთ. ამიტომ, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, თანატოლებო, ახალგაზრდებო, უფროსი თაობის წარმომადგენლებო, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ არის სამუშაო, მთავარი სამუშაო ადგილი, მთავარი სამსახური ხვალ არის სამ სათზე რესპუბლიკის მოედანზე, იქ ვიკრიბებით, მაგრამ ვიკრიბებით კონკრეტული გეგმით, რასაც მე ხვალ მეგობრებთან ერთად თქვენ გაგაცნობთ.
ხელისუფლებას აქედანვე ვეტყვი, თუ კიდევ შეგრჩენიათ რაიმე საღი აზრი ან ჭკუა, ხვალ სამ საათამდე, უახლოეს წუთებში, საათებში გადაიყვანეთ ადამიანი, რომელიც დატყვევებული გყავთ, სამოქალაქო ჰოსპიტალში. იქ, სადაც მთელი ერი მოგიწოდებთ, არ დარჩა ერთი ექიმიც კი, რომელიც არ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს თქვენ იქ დატყვევებით კლავთ, მაგრამ ჯიუტად ამას არ აკეთებთ. რადგან თქვენ ამას არ აკეთებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ მოკლათ, ამ რეჟიმისგან ეს სახელმწიფო გათავისუფლდეს და არც ერთი ადამიანი აღარ იყოს დატყვევებული. ხვალ, სამ საათზე ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, მათ გასაგონად, ვინც დააპირებს თბილისში ხვალვე ჩამოსვლას, თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის. ბრძოლა, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.