ნიკა მელია - სტრასბურგის გადაწყვეტილებით ჩემთვის ფაქტობრივი მოცემულობა არ იცვლება, სარჩელი როცა შეგაქვს, ხან წააგებ, ხან მოიგებ, ერთი წამითაც არ ვნანობ იმაზე, რაც 2019 წელს მოხდა
სტრასბურგის გადაწყვეტილებით ჩემთვის ფაქტობრივი მოცემულობა არ იცვლება, სარჩელი როცა შეგაქვს, ხან წააგებ, ხან მოიგებ – ამის სესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 2019 წლის ივნისში მიმდინარე პროცესიების დროს თავის ქმედებას არ ნანობს.
„ერთი წამითაც არ ვნანობ იმასთან დაკავშირებით, რაც 2019 წელს ივნისის დღეებში მოხდა. ერთ-ერთი უამრავი პატრიოტი ქართველთაგანი ვიყავი და ვაპროტესტებდი გავრილოვის ძალიან აღვირახსნილ ქმედებას, რომელმაც გაბედა და რუსულად წარმოთქვა სიტყვა პრაქტიკულად იმ ადგილიდან, საიდანაც ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა ისტორიული სიტყვები და სახელმწიფო გახდა დამოუკიდებელი. რაც შეეხება სტრასბურგში სარჩელის წაგებას და არწაგებას, ჩემთვის ფაქტობრივი მოცემულობა არ იცვლება, სტრასბურგში როდესაც სარჩელი შეგაქვს, ხან წააგებ, ხან მოიგებ. კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება ინანო და ჩათვალო, რომ არასწორად მოიქეცი იმ დღეებში, იმ პერიოდში. პირიქით, ხვალაც რომ მოხდეს – თუმცა ეს ვერ უნდა მოხდეს, ანალოგიურად მოვიქცევი. ფიქრობთ, რაც მაშინ მოხდა, ის ნორმალური იყო? არ იყო ნორმალური. საკუთარ თავთან და ჩემი ქვეყნის მომავალთან ვარ მართალი. როდესაც ხელისუფლება ბედავს იმას, რაც მაშინ გაბედა და რასაც ბედავდა შემდეგ, რუსული კანონისთვის ხმის მიცემას, პროტესტი ყოველთვის იქნება, თუნდაც სასამართლომ სარჩელი დაგიკმაყოფილოს ან არ დაგიკმაყოფილოს. დარწმუნებული ვარ, ხვალაც აბსოლუტურად იმავეს გავაკეთებდი, ეს იყო ჩემი წრფელი დამოკიდებულება პროცესებისადმი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება 7 სექტემბერს გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.