ნიკა მელია - შორს ვარ აზრისგან, რომ ვიცესპიკერობა „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო არენაზე წაადგება, განსაკუთრებით, თუ საუბარია ბეჟაშვილზე, ის არ გამოირჩევა შესაბამისი კვალიფიკაციით
ხელისუფლებას როცა ვუყენებთ სამართლიან პრეტენზიას, ვამხელთ რუსეთის ფედერაციასთან კავშირში, არ ხდება არაფერი, რაც საზოგადოების საკეთილდღეოდ შეიძლება გაკეთდეს, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია, რომ ასეთ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს სურს პაპუაშვილის მოადგილეობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას თქმით, არ შეიძლება, ერთი მხრივ, სამართლიანად ამხელდე ხელისუფლებას, ასევე სამართლიანად ადანაშაულებდე რუსეთთან კავშირში და, მეორე მხრივ, მისგან იღებდე მოწყალებას.
„ჩვენ როცა სამართლიან პრეტენზიას ვუყენებთ „ქართულ ოცნებას“ და ეს არ არის ტრივიალური პრეტენზია, უფრო ბრალდებაა, ვამხელთ ამ ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კავშირში, ვამხელთ ევროინტეგრაციის გზაზე საბოტაჟში, არ ხდება არაფერი, რაც საზოგადოების საკეთილდღეოდ შეიძლება გაკეთდეს, მათ შორის პარლამენტში და რაც ასევე რეგლამენტით არის გათვალისწინებული, არ ხდება არც საგამოძიებო კომისიის შექმნა ქოლცენტრებთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის მხრიდანაა მოთხოვნილი, არც მოსამართლეებთან დაკავშირებით, ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია, ასეთ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს სურს ბატონი პაპუაშვილის მოადგილეობა. ეს არ შეუწყობს ხელს ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში.
არ შეიძლება, ერთი მხრივ, შენ სამართლიანად ამხელდე ამ ხელისუფლებას, ადანაშაულებდე ასევე სამართლიანად რუსეთის ფედერაციასთან კავშირში და, მეორე მხრივ, მისგან იღებდე მოწყალებას. ან კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ, პრაქტიკულად, ვედრების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ „ქართულ ოცნებასთან“, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხმების გარეშე ვერავინ ინიშნება ვიცე-სპიკერად. ამიტომ, ეს პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის განწყობაზე უარყოფითად აისახება და ასევე მთლიანად ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაზე, მით უფრო, როდესაც გუშინ რაც ვიხილეთ, მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს ოპოზიციურ მოძრაობას. გვინდა-არ გვინდა, მთელ ოპოზიციურ მოძრაობას ძალიან დიდი ჩრდილი მიადგა გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ოპოზიციონერების დახმარებით მიიღო სანუკვარი შედეგი.
მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს, როდესაც შენ გულწრფელად იბრძვი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომელიც თავისი შინაარსით და შიგთავსით უკვე დიდი ხანია, დაემსგავსა რუსულ ოცნებას, ამ დროს ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია მათგან მოწყალების მიღება. ან კიდევ უფრო უარესი, ევედრო და ეხვეწო, რომ მოგცენ ის, რაც თუნდაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული. რეგლამენტით არის ყველაფერი გათვალისწინებული, საგამოძიებო კომისიების შედგენაც, მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან მათ ინტერესში არ შედის. 12 პუნქტის არშესრულება, ევროინტეგრაციის გზაზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე საბოტირება, ეს, რა თქმა უნდა, განგებ კეთდება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ახლა „ქართული ოცნება“ თუ გადადგამს ნაბიჯს და მის ინტერესში შევა, რა თქმა უნდა, დაგნიშნავს მის მოადგილედ, თუ არადა, უნდა გახვეწნინოს. ამ პროცესში ზიანდება ოპოზიციური მოძრაობა“, – განუცხადა ნიკა მელიამ საქართველოს პირველ არხს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა საერთაშორისო ბერკეტია, რომელიც უნდა გამოიყენონ ევროპული მომავლის გადასარჩენად, ნიკა მელიას თქმით, შორს არის იმ აზრისგან, რომ ვიცესპიკერობა „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო არენაზე წაადგება, განსაკუთრებით, თუ საუბარია ლევან ბეჟაშვილზე. მელია განმარტავს, რომ ბეჟაშვილი შესაბამისი კომპეტენციით არ გამოირჩევა.
„რაც შეეხება, უშუალოდ, რამდენად წაადგება ეს თანამდებობა საერთაშორისო არენაზე პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, შორს ვარ ამ აზრისგან, განსაკუთრებით, თუ საუბარია ლევან ბეჟაშვილზე. ლევან ბეჟაშვილი არ გამოირჩევა შესაბამისი კომპეტენციით და კვალიფიკაციით, საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებების წარმოებით. კი ბატონო, ის არის კომპეტენტური და კვალიფიციური სხვა მიმართულებით, მაგრამ არა – ამ მიმართულებით. ესეც, ვფიქრობ, ძალიან კოჭლი და არადამაჯერებელი არგუმენტია“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.