ნიკა მელია - შეზღუდვების მიუხედავად, ახალგაზრდები პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად დღეს რუსთაველის გამზირზე დარჩებიან, ვნახოთ ერთი, კიდევ რას მოიმოქმედებს ეს რეჟიმი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ შეზღუდვების მიუხედავად, ახალგაზრდები პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად დღეს რუსთაველის გამზირზე დარჩებიან.
ამის შესახებ ნიკა მელიამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„დღევანდელ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რა მინდა გითხრათ და გთხოვოთ, ვუსმინოთ ერთმანეთს ყურადღებით, აქ არის ბევრი ახალგაზრდა, ნაწილი მათგანი უკვე წარდგა თქვენ წინაშე, ვინც აპირებს დღეს რუსთაველის გამზირზე დარჩენას და პროტესტის გაგრძელებას. სწორად გამიგეთ, დიდ პატივს გცემთ თითოეული თქვენგანს მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, რომელიც უკვე აღარ არსებობს, რადგან პოლიტიკა აღარ არსებობს, ერი ვართ აქ შეკრებილი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენლები. აქეთა მხარეს არის ერი – ქართველების უდიდებულესობა და მეორე მხარეს – ოლიგარქი. გვინდა, რომ ენერგია შემოგანახინოთ თქვენ, გვინდა, რომ იყოთ ჯანმრთელები და მხნედ შაბათი დღისთვის. ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ დარჩეთ. მე ბუნებრივია, დავრჩები აქ მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დარჩეთ. თუ არ დარჩებით, ამით თქვენ ჩვენც შეგვიმსუბუქებთ ცხოვრებას, რადგან საკმარისად დავრჩებით, ახალგაზრდები რჩებიან, ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბებიები, ბაბუები, ბიძები და უფროსი თაობის წარმომადგენლებიც უნდა დარჩეთ. ძალიან უხერხული ასახსნელია, მაგრამ მოცემულობა ისეთი შემქნა ამ რეჟიმმა, რომ ჭკუით უნდა ვებრძოლოთ, პრაგმატულები უნდა ვიყოთ. არ მინდა, განა არ შემიძლია, რომ გთხოვოთ, დარჩით და აქ იყავით, დარწმუნებული ვარ, ყველა დარჩებით, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც არის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე საკმარისი ახალგაზრდები რჩებიან პოლიტიკოსებთან ერთად.
„ვნახოთ ერთი რას მოიმოქმედებს კიდევ ეს რეჟიმი, რომელიც ისეთ სპირალშია შემძვრალი, საიდანაც გამარჯვებული ვეღარ გამოვა. ჩვენ უკვე ვართ გამარჯვებულები, ეს არის დროის საკითხი. ადამიანი, რომელიც გამოვა და ამბობს, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე შვიდი ათასი ადამიანი იდგა, დამთავრდა, წერტილი. ეს ხელისუფლება არის უზნეო ხელისუფლება. არ არსებობს საქციელი, რომელსაც ის არ ჩაიდენს, არ ჩაადენინებს საკუთარ მორჩილ ადამიანებს, ეტყობათ, უკვე იციან მათაც, რომ რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ, ხალხი ამას უკვე აღარ აპატიებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციის ამოცანაა, რომ დაამარცხოს რეჟიმი საზოგადოებისთვის მიყენებული მინიმალური ზიანით და ეს ქვეყანა ხალხის განკარგულებაში უნდა გადავიდეს.
„არ გვინდა, რეჟიმი ისე დავამარცხოთ, რომ არაფერი აღარ დატოვოს სახელმწიფოებრივი საფუძვლებისგან. ეს დაპირისპირება მართალსა და მტყუანს შორის, მართლის გამარჯვებით მთავრდება. როგორც არ უნდა იმოქმედოს ამ ხელისუფლებამ, პოლიტიკური ლიდერები დიდი ზიანს მივაყენებთ ამ ხელისუფლებას. მთავარ დარტყმას ავიღებთ ჩვენ, მათ შორის მე, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს. მჯერა, რომ რუსთაველის გამზირი სულ უფრო და უფრო მეტი ხალხით იქნება წარმოდგენილი. მინდა, შაბათს 15:00 საათზე ბევრნი იყოთ, ლაღები და ჯანმრთელები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.