ნიკა მელია - შესაძლოა, იყოს ხაბეიშვილის გადაადგილების მცდელობა, მაგრამ, იმედია, ხაბეიშვილი გამოიჩენს ღირსებას და თავს არ გაათამაშებინებს თუნდაც კეზერაშვილ-მერაბიშვილს
შესაძლოა, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყოს მისი საქმიანობით და გადაადგილების მცდელობა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში, იმედია, ხაბეიშვილი გამოიჩენს პრინციპულობას, ღირსებას და თავს არ გაათამაშებინებს თუნდაც კეზერაშვილ-მერაბიშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიას კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი დავით კეზერაშვილს კვიპროსში შეხვდებიან.
ამასთან, ნიკა მელიას თქმით, მნიშვნელოვანია, ხალხის ინტერესი იყოს ასახული პოლიტიკაში.
„პოლიტიკა უნდა განისაზღვრებოდეს ხალხის მიერ და არ უნდა იქნას განსაზღვრული კულუარებში. რა თქმა უნდა, არის ხალხი, აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებაში და არცთუ ისე მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციაში, რომლებსაც აქვთ მოტივაცია, გამოიმუშაონ ფული და ფულის შოვნის ინტერესი არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი იდეა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩემთვის კი პოლიტიკაში მთავარი ძალა ის იდეური ძალაა, რომელიც გულისხმობს ხალხის ინტერესის ასახვას პოლიტიკაში. რატომ არიან ესა თუ ის ადამიანები ამა თუ იმ ქვეყანაში ამა თუ იმ ადამიანთან შეხვედრებზე მთელი შემადგენლობით, ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ, როდესაც ჩამობრძანდებიან. კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან ჩემი დამოკიდებულება ცნობილია. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მორალური უპირატესობით, მორალური სიცხადით, დიდი კონტრასტული სხვაობით და არ მჯერა ბრძოლის ფრონტის გახსნის ოპოზიციის მხრიდან იმ ადამიანების მიერ, რაც ასევე ძირითადად გულისხმობს ფულის შოვნას. ბიძინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებ ვერც ფულით და ვერც ფულის შოვნის ინტერესით. დაამარცხებ გულწრფელობით, მორალური უპირატესობით და ხალხის ინტერესის ასახვით პოლიტიკაში.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში დასტაბილურდეს პოლიტიკური ვითარება, ერთხელ და სამუდამოდ აღარ იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ამას სჭირდება რეჟიმის ცვლილება, ოღონდ ცვლილება არა იმდაგვარი ადამიანებით, ვისაც ბიძინა ივანიშვილობა უნდა და არაფერი სხვა ინტერესი არ აქვს. ცვლილება უნდა იყოს უკეთესობისთვის და არა ცვლილებისთვის. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება, ოღონდ შეიცვლება ხალხის ინტერესის გათვალისწინებით. ერთხელ ვუსურვე ლევანს, რომ ღირსებითა და სიმართლით ემართა პარტია. ბუნებრივია, არ მიკვირს, რომ შესაძლებელია, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყოს მისი საქმიანობით და შესაძლოა, რაღაც გადაადგილების მცდელობა ჰქონდეს. იმედია, ამ შემთხვევაში, ლევანი გამოიჩენს პრინციპულობას, ღირსებას და თავს ასე არ გაათამაშებინებს, თუნდაც კეზერაშვილ-მერაბიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.