ნიკა მელია - შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა პოლიტიკური შეცდომა არ იყო, ხვალაც იმავეს გავაკეთებდი, რადგან არ შეიძლება ზნეობრივ კომპრომისზე წახვიდე
ნიკა მელია - შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა პოლიტიკური შეცდომა არ იყო, ხვალაც იმავეს გავაკეთებდი, რადგან არ შეიძლება ზნეობრივ კომპრომისზე წახვიდე

შეგახსენებთ, რატომ არ მოვაწერეთ ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რამდენად თანმიმდევრულია ოპოზიცია, როცა დღეს წარდგენილი ხედვის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს მიშელის შეთანხმების აღდგენას, ამ შეთანხმებას კი „ნაციონალური მოძრაობა“ თვეების განმავლობაში არ აწერდა ხელს.

„გარემოება იყო სრულიად სხვა. თქვენ გახსოვთ, რომ მე იმ დღეებში ციხეში ვიყავი. არის რაღაც ზნეობრივი კომპრომისი, რომელიც არ უნდა გადაილახოს, მათ შორის, პოლიტიკაში ყოფნისასაც კი. შეგახსენებთ, რატომ არ მოვაწერეთ ხელი. ის განცხადება მე გავაკეთე ჩემ მეგობრებთან, კოლეგებთან, თანამებრძოლებთან ერთად და ვთქვი, მას შემდეგ, რაც ამნისტიის კანონი იქნება მიღებული, ჩვენ შევუერთდებით მიშელის დოკუმენტს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ამნისტია არ შეხებოდა დამნაშავეებს“, – განაცხადა მელიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ერთი წლის შემდეგ, დღევანდელი გადასახედიდან, მიიჩნევს თუ არა შეცდომად შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის არმოწერას, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამას შეცდომად არ მიიჩნევს, არავითარ შემთხვევაში.

„არავითარ შემთხვევაში. იმიტომ, რომ ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. თქვენ მე მკითხეთ, ნანობთ თუ არაო, მე კი გითხარით, რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილების მიღებას. ახლა, მაინცდამაინც ამაზე თუ გვინდა, ვისაუბროთ, მოდით არ ვიყოთ ასეთი მიამიტები და ნუ ვიტყვით, რომ თავის დროზე ჩვენ ხელი რომც მოგვეწერა, ბიძინა ივანიშვილი ამ შეთანხმებას არ დაარღვევდა. მანამდე არ დაურღვევია რამე?“, – განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა არ იყო პოლიტიკური შეცდომა.

„ეს არი იყო პოლიტიკური შეცდომა და ხვალაც იმავეს გავაკეთებდი. იმიტომ, რომ არ შეიძლება, ზნეობრივ კომპრომისზე წახვიდე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.