ნიკა მელია - სასამართლოს ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს, ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოტანილი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს, ორ, სამ ან ათ ცალკეულ ადამიანს, ვსამართლდებით ამ განაჩენით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ძალიან დიდი სოლიდარობა ვიგრძენი უკანასკნელი დღეების განმავლობაში, რომელიც 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია. გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი, ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო. თუმცა ყველაზე მთავარი – ხვალინდელი დღე, ყველაზე მთავარი, არც მეტი არც ნაკლები, ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც გამოიტანა გუშინდელი გავრილოვის სასამართლომ, დიახაც, წილადით პარლამენტმა, ალბათ ბევრი შემედავებით, რომ გუშინდელი სხდომა არ იყო საპარლამენტო სხდომა, გუშინდელი სხდომაც იყო სასამართლოს სხდომა და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოტანილი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს, ორ ან სამ ან ათ ცალკეულ ადამიანს, ვსამართლდებით ამ განაჩენით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე, ხმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედა უსამართლობას, რომელსაც ბატონი გავრილოვის სახით სთავაზობდა ხელისუფლება და თვალებგახელილმა ახალგაზრდებმა რეზინის ტყვიებს, დათვებზე სანადირო ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს და თვალების დაკარვის ხარჯზე სიამაყე, ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ“, – განაცხადა მელია,
მისი თქმით, სამართლდება ყველა, ვინც არის უკეთესი ხვალინდელი დღის მომხრე.
„ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის მომხრე უკეთესი ხვალინდელი დღისა, არის მომხრე განვითარებული საქართველოსი. რა დილემის წინაშე ვდგავართ, ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო, ან ღირსეული საქართველო, ან ღირსებააყრილი საქართველო, ან თავისუფალი ხალხის, თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მომავალი ან ოკუპანტის ბორკილები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე და ჩვენ ვართ სიმართლეზე, ჩვენს მხარეს არის ის სიმართლე, რომლის გამოც, ისტორიულად თაობებს, ყველაზე ძვირფასი რაც იმათ გააჩნდათ, ის დაუთმიათ. თავისუფლების იდეა, ბიძინა ივანიშვილო, ბატონო სერგეი გავრილოვო, არ სამართლდება, არ გასამართლებულა არასოდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და ბუნებრივია, არც ახლა გასამართლდება. ახლა ეს ძალმომრეობა, ძალადობა, დამთავრებულია. თქვენ გაწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც გეგონათ, რომ იყო ძალიან მყარი, ჯაჭვი უკანონობისა, ჯაჭვი უსამართლობისა და ეს ძლიერება, უსამართლობის ძლიერება, რომელიც თქვენ გეგონათ, იქნებოდა სამარადჟამო, დასრულებულია.
მე საქართველოს მოსახლოებას ვულოცავ, დიახაც, გამარჯვებას, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს, ჩვენ დღეს გამარჯვეუბლები ვართ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამხოლოდ ზნეობრივად, სულიერადაც გამარჯვებულები ვართ, რადგან ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ პატივი ჰქონოდა წინათ და ამ ბრძოლის შედეგად მოეპოვებინათ თავისუფლება და აგერ ვართ ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე არის. ამიტომ მინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, პარტიული ნიშანი, პარტიული პოლიტიკა დასრულებულია, არ არსებობს პარტიული პოლიტიკა, ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენელები. ან ვდგავართ ერთ მხარს, ან ვდგავართ მეორე მხარეს. მიხარია ის, რასაც ახლა ვხედავ და რასაც ახლა ვგრძნობ, რომ ყველანი ახლა, აბსოლუტური უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ დღეს მარტო კოლეგები კი არ ვართ, თქვენი კოლეგებიც ვართ, თქვენი მეგობრები ვართ, საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს ვესაუბრები, თქვენი წარმომადგენლები ვართ, მე ვიცი, რომ ხვალ თქვენ ჩვენთან ერთად იდგებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.