ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თეიმურაზ კუპატაძეს დაუპირისპირდა [ვიდეო]
გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თეიმურაზ კუპატაძეს დაუპირისპირდა. ნიკა მელია თელავის მიმართულებით კორდონის გარღვევას შეეცადა და თეიმურაზ კუპატაძეს კორუმპირებული უწოდა.
თეიმურაზ კუპატაძემ მელიას თელავში ჩასვლა ყვარელის მიმართულებით შესთავაზა.
სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს. შედეგად, ავტობუსის მინა ჩაიმსხვრა.
ადგილზე იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია.
ველისციხესთან კვლავ ხმაურია. აქციის მონაწილეები თელავის მიმართულებით გადაადგილებას ითხოვენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.