მსურს, მივულოცო ქვეყანას მოპოვებული გამარჯვება და გაცნობოთ , რომ ყველაზე მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ გველოდება. ისტორიის ჩარხი უკვე არის წაღმა დატრიალებული და ამას ვეღარავინ ვეღარასოდეს ვეღარ დაატრიალებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებათან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო გამოხმაურება ალბათ არ იქნებოდა, ასეთი მძაფრი, რომ არა ქართული ოპოზიციის ერთსულოვნება უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში.
„წარმოუდგებელი და უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცა „ქართული ოცნება“, რის შედეგადაც გათავისუფლდნენ ოლიგარქის პირადი პოლიტიკური პატიმრები, მეტიც, პირადი მძევლები – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.
არ ვიქნები მართალი, თუ არ ვიტყვი სიმართლეს ბოლომდე, ალბათ საერთაშორისო გამოხმაურება არ იქნებოდა ასეთი მკვეთრი და მძაფრი, რომ არა ის წარმოუდგენელი და გაუგონარი ერთსულოვნება რომელიც გამოიჩინა ქართულმა ოპოზიციამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. სწორედაც ქართული ოპოზიციის თანმიმდევრულობამ და ერთსულოვნებამ და რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ექო, რომელმაც საბოლოო ჯამში ოლიგარქი აიძულა, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები. ეს მისასალმებელია და ნიშნავს, რომ საქართველო აღარ იქნება მარტო არც ერთ გადადგმულ ნაბიჯში, საერთაშორისო საზოგადოება დგას გვერდით და მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას. ამას სჭირდება განვითარება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც არა თუ გაფანტა საერთაშორისო ნდობა, არამედ საერთოდ გაანულა.
„ძვირფასო ხელისუფლებავ, ძვირფასო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, ახლა მაინც გაითვალისწინეთ იმ განცხადებაში მოყვანილი თეზისები, რომელიც გეუბნებათ თქვენ, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს და მესამე პოლიტიკური პატიმარი, რომელიც იყო შეთანხმების სუბიექტი – გიორგი რურუა, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან დაუყოვნებლივ. ამერიკელი სენატორები, რომლებიც მაშინ, როცა თქვენ გძინავთ, მუშაობენ და გწერენ კონკრეტული სახელის და გვარის მითითებით და არა ზოგადი ტერმინით – „პოლიტპატიმრებით“. ისინი აღარ გენდობიან. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუღარ შეხვალთ პაექრობაში, ეს ძალიან ცუდად გამოიყურება, გაათავისუფლეთ გიორგი რურუა.
ძვირფასო „ქართული ოცნების” წევრებო, ზუსტად ასე გაქცევთ ბიძინა ივანიშვილი ზურგს, როგორც გუშინ გაქციათ ზურგი, ზუსტად ასე მოგატყუებთ, როგორც გატყუებდათ ამ დღეების განმავლობაში, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობდნენ, რომ პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარიც კი უზნეობაა, საბოლოო ჯამში, ასევე შეგაწმენდთ ხელს. ასე რომ, სანამ დროა, არასოდეს არის გვიან გადმოხვიდეთ ისტორიის სწორ მხარეს. თქვენ თავად უნდა აქციოთ ზურგი ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.