ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებს
ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ დღევანდელ სასამართლო პროცესს, რომელზეც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა უნდა განიხილონ, არ დაესწრება.

როგორც მელია აცხადებს, ის პრობაციის ეროვნული სამსახურის მიერ შებმული სამაჯურის ტარებას აღარ აპირებს.

„ქვეყანაში სასამართალოს ნიშანწყალიც არ არსებობს. ახლა ივანიშვილი მედავება, ელექტროსამაჯური მაჯაზე რატომ არ გიკეთიაო, ეს ყოფილა უმძიმესი დანაშაული მისი გადმოსახედიდან. მინდა დავამშვიდო, რომ ამ სამაჯურს არ გავიკეთებ. გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური, რომელიც აბსოლუტურად უსამართლობის სიმბოლოა. ბიძინა ივანიშვილი რა ნაბიჯსაც გადადგამს იქნება საზიანო მისივე გუნდისთვის. ის არ არის იმ მდგომარეობაში, იფიქროს ვის გაუკეთოს სამაჯური, ან ვინ დააპატიმროს. ბიძინა ივანიშვილი იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩანიშნოს და ეს ახალი არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. სასამართლოს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ დავემორჩილები“, – განაცხადა მელიამ.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის გირაოს ითხოვს და არა პატიმრობას, თუმცა გირაოს თანხის ოდენობა უცნობია. სხდომა საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

„ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, პირველ ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებდა, სამაჯური, რომელიც შებმული ჰქონდა პრობაციის ეროვნული სამსახურის მიერ, ხალხში მოისროლა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აღნიშნული სამაჯურის ტარებას აღარ აპირებდა.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს დაუმაგრეს. მანამდე, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა.