ნიკა მელია - სახელმწიფოს ინტერესშია, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რათა სახელმწიფოს შევუნარჩუნოთ ევროპული მომავლის შანსი
მნიშვნელოვან და ძალიან სახიფათოი გზაგასაყარზე ვდგავართ, არჩევანს ვაკეთებთ სიცოცხლის ან სიკვდილის, ევროპული მომავლის ან მტკივნეული საბჭოთა წარსულის სასარგებლოდ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ზუგდიდში, მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქციაზე განუცხადა.
„2023 წელს საქართველო იმყოფება მორალურ, პოლიტიკურ და ფასეულობით გზაგასაყარზე. სურათი უსაშველოდ გაფართოვდა და ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა. რას ვხედავთ ამ სურათში? სამწუხარო რეალობას, რომელიც უნდა დასრულდეს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მოკვდინების მცდელობას, რომელიც მხოლოდ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მოკვდინების მცდელობა კი არ არის, საქართველოს სახელმწიფოსთვის განვითარების შანსის მოკვდინების მცდელობა და მასზე მიტანილი იერიშია. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, დღეს უნიკალური დღე არის. მთელ მსოფლიოში, ბევრ დედაქალაქში, სხვადასხვა კონტინენტზე იმართება სოლიდარობის აქცია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება და იმედი მაქვს, დღეის იქით, ამიერიდან კიდევ უფრო მეტად შეისმენს ყველა, მთელი ცივილიზებული სამყარო კიდევ უფრო აქტიური გახდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის პროცესში. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, დიახაც, უმრავლესობა აცნობიერებს, არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი თუ არ არის, იქნება შემდგომში მისი მხარდამჭერი თუ არ იქნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდა ოდესმე თუ არა, უმრავლესობა ვაცნობიერებთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა მას შემდეგ, რაც ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული პრეცედენტი ზვიად გამსახურდიასთან მიმართებით გვქონდა, ამით სახელმწიფო დაზიანდა და ეს არ იყო მხოლოდ ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული ბედისწერა 1993 წლის 31 დეკემბერს, ამ ტრაგედიამ განსაზღვრა საქართველოს მომდევნო ბედი. ასევე, მნიშვნელოვან და ძალიან სახიფათო გზაგასაყარზე ვდგავართ ახლა ჩვენ. არჩევანს ვაკეთებთ სიცოცხლის ან სიკვდილის, ევროპული მომავლის ან მტკივნეული საბჭოთა წარსულის სასარგებლოდ. ვფიქრობ, საზოგადოების საღი ნაწილი, ასეთად მემიმაჩნია ჩვენი ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, არჩევანს გააკეთებს სახელმწიფოს ევროპულ მომავალზე და დღევანდელი შეკრება ზუგდიდშიც ემსახურება ამ მიზნის მიღწევას. მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი არ არის მხოლოდ ერთი პარტიის, ოჯახის ან თანამოაზრეების წუხილი და რისკი, რომლის წინაშეც დავდექით. სახელმწიფოს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რათა სახელმწიფოს შევუნარჩუნოთ ევროპული მომავლის შანსი და ეს საგარეო პოლიტიკური კურსი კვლავ დაუბრუნდეს ქვეყანას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კითხვაზე, რატომ ტარდება აქციები ცალ-ცალკე, სხვადასხვა ლოკაციაზე და არა ერთიანად, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს სოლიდარობის აქციები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმართება.
„არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში ტარდება მართლაც უპრეცედენტო მსოფლიო სოლიდარობის აქცია, თითქმის ყველგან, სადაც არსებობს საქართველოს საელჩო. საზღვარგარეთ და საქართველოშიც რამდენიმე მსხვილ ქალაქში არის შეკრება, მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.