ნიკა მელია - სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი, იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები
იქ, სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდა, რამაც ხიდები ჩატეხა, ეს გამოიწვია არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებმა, არამედ იმან, რაც მოხდა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებიდან ხუთ დღეში.
„დღესაც ვერ მოვუძებნე ახსნა, რატომ გაყარეს ხალხი პარტიიდან ან პოლიტიკური საბჭოდან“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა მომაკვდინებელ შეცდომას უშვებს.
„ეს პარტია კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას. უამრავი ადამიანი, და ერთ-ერთი მე, ვცდილობთ, პარტია გადარჩეს, როგორც პლატფორმა, რომელიც იქნება მიმზიდველი, გადარჩეს პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა და არა არსებულის განზიდვა. შესაძლებელი იქნება ჯამის მატება და არა ჯამის კლება, ძალების კონსოლიდაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კითხვაზე, წინასაარჩევნოდ შესაძლებელია თუ არა ნიკა მელია სხვა პარტიაში იხილონ, მელიამ აღნიშნა:
„ჩემთვის საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლა უმნიშვნელოა. ორჯერ მქონდა საპარლამენტო მანდატი და ორივე ბრძოლაში დავკარგე. ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რაც მოხდა პარტიის არჩევნების შედეგად, რადგან, არ დაგიმალავთ, ემოციურადაც რთული იყო ჩემთვის, როცა დაუმსახურებლად ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა, რომ არაფერს აკეთებს ნიკა მელია სააკაშვილის გასათავისუფლებლად, საკმარისია, თავმჯდომარე შეიცვალოს და რამდენიმე თვეში სააკაშვილი გათავისუფლდებაო. სააკაშვილს დღეში კლავდნენ ხუთჯერ და დღეს რას აკეთებენ? სამწუხაროდ, პარტიაში დამარცხდა რაციონალური მოსაზრება, იმძლავრა ემოციამ. მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დააზიანეს, მაშინ როცა პარტიის გარეთ გვჭირდებოდა კონსოლიდაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.