ნიკა მელია - სააკაშვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი ქართველი ხალხის მიერ, დღეს გვაქვს ისტორიული შანსი, გადავარჩინოთ ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე
დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი ქართველი ხალხის მიერ. დღეს გვაქვს ისტორიული შანსი, ყველაფერთან ერთად, დავასრულოთ ისტორიული უსამართლობა. გადავარჩინოთ ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე და ასეც იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
„გადაჭარბების გარეშე მეგობრებო, ძალიან მოხარული ვარ, განსაკუთრებით უკანასკნელი კვირების განმავლობაში, ჩვენ არ ავყევით ხელისუფლებისა და მის მიერ კონტროლირებადი მედიის პროვოკაციებს. არ ავყევით დაპირისპირებას, შუღლის გაღვივების მცდელობას. რატომ? რადგან თავიდანვე ნათელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც კოალიციური მმართველობის არსებობა გახდა რეალური, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ თამაში. პირდაპირ გეუბნებით, „ქართული ოცნება“ ჩემზე კარგად აცნობიერებს, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ, არ აქვთ ძვირფასო „იმედის“ ჟურნალისტო, დიდი პატივისცემით. არ შეიძლება, ხელისუფალს ჰქონდეს მხარდაჭერა და იგი ყოველდღიურად იარაღს უდებდეს, ყოველდღიურად ნარკოტიკს უდებდეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ისინი თუ არიან ძლიერი პოზიციიდან წარმოდგენილები, რატომ აკეთებენ ამას, რატომ აშრიალებენ ფულს, რატომ ძალადობენ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი ქართველი ხალხის მიერ.
შესაძლებელია, ბევრი ადამიანი მხარს უჭერდეს დღეს კოალიციას, შესაძლებელია, ბევრი ადამიანი სიტუაციურად უჭერდეს მხარს კოალიციას, თუმცა ხვალ და ზეგ სხვა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი, მაგრამ ასეთი კატეგორია ამომრჩევლებისა, დანამდვილებით ვიცი, რომ მხარს უჭერენ კოალიციას. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ბევრი ადამიანი დღეს თავის არჩევანს შეაჩერებს კოალიციის სასარგებლოდ არის შემდეგი – მოვწონვართ ჩვენ ბევრს თუ არ მოვწონვართ, იცით, ამ ქვეყანას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს, განსაკუთრებით ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის, შალვა რამიშვილის და არ ვიცი, კიდევ სხვების და სხვების ხელით. ამიტომ, ვფიქრობ, დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ყველაფერთან ერთად, დავასრულოთ ისტორიული უსამართლობა. გადავარჩინოთ ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე და ასეც იქნება. უკვე გითხარით, რაც მაძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს და რამდენიმე საათში ჩვენ ყველა ერთად დავრწმუნდებით, რომ ისტორია დღეს დაიწერება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამით დიდწილად დასრულდება პოლიტიკური დევნა და საზოგადოების სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა.
ჩემი აზრით, ახლა ყველანი უფრო მეტნი უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, რათა უზრუნველვყოთ ამ ქვეყნის ნათელი მომავალი. ნებისმიერი სახის მანიპულაცია, რომელსაც ეწევა ალბათ ხელისუფლება, ესეც უნიკალური მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში. მაღალი აქტივობა არის გარანტია, რომ ხელისუფლების მხრიდან გაყალბების რაც არ უნდა მასშტაბი იყოს, ამას არანაირი ეფექტი არ ექნება. ამიტომ, წინ გამარჯვებისა და წარმატებისკენ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.