ნიკა მელია - სააკაშვილის სიცოცხლე გადაეჯაჭვა საქართველოს სახელმწიფოებრივ თავგადასავალს, მის ევროპულ მომავალს ისევე უდგას საფრთხე, როგორც პირადად სააკაშვილის შემთხვევაშია, ეს დაგვიდასტურა უკრაინის პრეზიდენტმა
ნიკა მელია - სააკაშვილის სიცოცხლე გადაეჯაჭვა საქართველოს სახელმწიფოებრივ თავგადასავალს, მის ევროპულ მომავალს ისევე უდგას საფრთხე, როგორც პირადად სააკაშვილის შემთხვევაშია, ეს დაგვიდასტურა უკრაინის პრეზიდენტმა

სააკაშვილის სიცოცხლე გადაეჯაჭვა საქართველოს სახელმწიფოებრივ თავგადასავალს, მის ღირსეულ და ევროპულ მომავალს ისევე უდგას საფრთხე, როგორც პირადად სააკაშვილის შემთხვევაშია, ეს შეგვახსენა და დაგვიდასტურა უკრაინის პრეზიდენტის მიმართვამ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მელია გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.

„მებრძოლი უკრაინის გმირმა პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში საგანგებოდ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში. უკრაინა და მისი პრეზიდენტი ამ ცივილიზაციური ომის პირობებშიც კი მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის საკითხს უმნიშვნელოვანეს ნაწილად იმ დიდი ისტორიული პროცესისა, რაც მიმდინარეობს თანამედროვე მსოფლიოში.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს: „ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა. ეს საქართველოს არ შველის. ეს უნდა შეჩერდეს!“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში. გადაწყვეტილება, რომელიც „დაიცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს“, გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს ამ ბოროტებას, გადაწყვეტილება, რომელიც შველის საქართველოს.

პრეზიდენტი ზელენსკი ასევე მიმართავს თავისი ხალხის მეგობარ ქართველ ხალხს, ყველა მოაზროვნე და წინდახედულ ადამიანს საქართველოში – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

ჩვენ თუ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია; ჩვენ თუ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი მარტივია; ჩვენ თუ გვინდა ისტორიის სწორ მხარეზე ყოფნა, არჩევანი არის ერთადერთი – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

თუმცა არჩევანი არის არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის, სულ მალე გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი და პრინციპული სამოქალაქო პოზიცია.

მიხეილ სააკაშვილი კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს ფიგურად რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ის ცოცხალი სიმბოლოა ამ ბრძოლის. მისი განადგურება და დაღუპვა დაუშვებელია. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაეჯაჭვა საქართველოს სახელმწიფოებრივ თავგადასავალს. მის თავისუფალ, ღირსეულ და ევროპულ მომავალს ზუსტად ისევე უდგას საფრთხე, როგორც ეს პირადად მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშია. ეს შეგვახსენა და დაგვიდასტურა უკრაინის პრეზიდენტის მიმართვამ.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – თავისუფლებისათვის საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, თუ კრემლიდან, ბოროტების ამ სავანიდან წამოსული დირექტივა.

ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებით – იქნება ეს კეთილი, ჰუმანიტარული, გონივრული და წინდახედული თუ იქნება სასიკვდილო განაჩენი. ზელენსკის თხოვნა თუ კრემლის დირექტივა?! ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი ქართველებმა. ამ პასუხს ელოდება პრეზიდენტი ზელენსკი, გმირი უკრაინელი ხალხი, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, დასავლეთის დემოკრატიული ინსტიტუტები.

გავიმეორებ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს: ეს ბოროტება უნდა შეჩერდეს!

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ძალიან მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თამასა ძალიან მაღლაა.

ბოლოს მადლიერებით მინდა, მივმართო პრეზიდენტ ზელენსკის:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა ქართველი პატრიოტის სახელით, უღრმეს მადლობას გიცხადებთ გამოჩენილი სიბრძნისა და თქვენი ძალისხმევისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მთელი ქართველი ხალხი აღფრთოვანებულია თქვენით და გულითადად გულშემატკივრობს უკრაინას და თქვენს ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. დიახ, ქართველი ხალხი თქვენი მეგობარია. თქვენი ბრძოლა ამავდროულად ჩვენი ბრძოლაცაა. თავისუფლება და სიმართლე გაიმარჯვებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.