ნიკა მელია - სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები უარესდება, უნდა ვიმოქმედოთ, ხვალ ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით, ვიდრე არ გადაიყვანენ სამოქალაქო საავადმყოფოში
მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები დღითიდღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
მან მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
ერთადერთი, ვინც კვლავ სავსეა ზიზღითა და სიძულვილით, ერთადერთი, ვინც კვლავ ანთხევს ბოღმას და გესლს, არის ხელისუფლება. ეს არის არაკაცების ხელისუფლება, დიახ, არაკაცებისა ხელისუფლება, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში, მესამე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როდესაც შენ შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში, ვინ უფრო მწვავე და შეურაცხყოფილად გააკრიტიკებს, დასცინის ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. დიახაც, თითოეული მათგანი არიან არაკაცები, არაკაცობაა ეს ყველაფერი და სხვა შეფასება ამას ვერ მიეცემა.
ბიძინა ივანიშვილისგან დაწყებული, მის ქვემოთ – ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე და სხვები, არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, თუ როდის მოკვდება და მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს, როდის მოკლავენ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და როდის გადაისვრიან მთელ ქვეყანას თავისი მოსახლეობით დესტაბილიზაციის მორევში. ჩვენ, ელემენტარულს ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ადამიანობას ვითხოვთ ხელისუფლებისგან და არ ვითხოვთ მისგან პოლიტიკურ ჟესტებს. ჩვენ რომ ვიცოდეთ, ამ ხელისუფლებას აქვს პატიოსნება, ქვეყნის სიყვარული და ღირსება, ბუნებრივია, პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმას მოვთხოვდით. დიახაც, ვითარება არის მძიმე. მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები დღითიდღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ვიმოქმედოთ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა აღვკვეთოთ. არ დავუშვათ ის, რაც ჩვენ ისტორიის წინაშე დამნაშავეებად წარმოგვაჩენს. ამიტომ, ხვალ, 17:00 საათზე ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავში, რუსთავის ციხესთან და ეს აქცია იქნება პერმანენტული, მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით. დროდადრო შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, რეგიონიდან და ყველა სოფლიდან. იქ ვიქნებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, ხვალ, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება მთელი საქართველო უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, დამატებით გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით აცნობებს საზოგადოებას.
„გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დამატებით გაცნობებთ, ვინაიდან, გავიმეორებ, რომ წინასწარ არ გვაქვს სურვილი, ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ. ხვალ, 17:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით. პარალელურად, შემოგვიერთდება მთელი საქართველო, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს ერთი – არ გადავარჩენთ და არ ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ გადაიყვანოს იმ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, სადაც უნდა გადაიყვანონ. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი კოლაფსში ჩავარდება. ყველა ნებისმიერი კომპეტენტური ექიმი გეუბნება, რომ არსებობს უმაღლესი რისკი, მიხეილ სააკაშვილმა თუ დაკარგა გონი და კოლაფსის პირობებში მოხდება მისი საავადმყოფოში გადაყვანა, უკვე მისი სოცოცხლის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი ძალიან ეჭვქვეშ დგება და მხოლოდ 20-პროცენტიანი ალბათობა არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, ვიდრე ის დგას ფეხზე და ჩავარდება კოლაფსში და კომაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.