ნიკა მელია - სააკაშვილი კი არა, ხუთი სააკაშვილიც რომ იყოს, სადაც მერაბიშვილ-კეზერაშვილია, არავის არაფერი გამოუვა
სააკაშვილი კი არა, ხუთი სააკაშვილიც რომ იყოს, სადაც მერაბიშვილ-კეზერაშვილია, არასოდეს არავის არაფერი გამოუვა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, მელია-გვარამიას პარტია აჯობებს თუ არა არჩევენებზე შედეგით მიხეილ სააკაშვილის პარტიას.
მელიას თქმით, არ შეიძლება, არ გინდოდეს სხვისი ოლიგარქიული რეჟიმი და შენი გინდოდეს.
როგორც მელიამ აღნიშნა, საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური რეალობის შეცვლა, რეალური ალტერნატივის შეთავაზება.
„მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია რომ გააცოცხლო და „ნაცმოძრაობაში“ მიიყვანო, მაინც არაფერი არ გამოუვათ. მართალიც იქნება ქართველი ხალხი, რომ არაფერს არ გამოაყვანინებს. ეს არის სიმართლე. არ შეიძლება, არ გინდოდეს სხვისი ოლიგარქიული რეჟიმი და შენი გინდოდეს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ესენი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, რამით უკეთესები იქნებოდნენ? არა. ეს კონტრასტი საზოგადოებამ დაინახა და კიდევ უკეთ დაინახავს. საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური რეალობის შეცვლა, რეალური ალტერნატივის შეთავაზება. ჩვენ დავისახეთ ამბიციური ამოცანა და მიზანი, ამ პარტიამ პოლიტიკური რეალობა შეცვალოს, სხვა დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. თუ მათ, ვისზეც მეკითხებით, ექნებათ ის მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელი უნდა გახდეს კოალიციის ჩამოსაყალიბებლად, ამომრჩეველი გადაწყვეტს და ექნებათ თავიანთი მოკრძალებული წვლილი. არ ვეთანხმები არც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, ბარიერს კი არა, ოთხჯერ ბარიერს გადავლახავთ“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.