ნიკა მელია - როგორც არასდროს, აუცილებელია ყველას აქტიურობა, იქნება უწყვეტი პროტესტი, გავმაგრდეთ და ძალიან მალე იქნება გამარჯვება
ივანიშვილმა ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც იქცა თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ, გაბედა და თქვა, რომ მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის ევროპა, მაშასადამე, მის ინტერესებში არ შედის ევროპული მომავალი, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას თქმით, როგორც არასდროს, აუცილებელია ხალხის აქტიურობა. ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ იქნება უწყვეტი, ყოველდღიური პროტესტი, რომელიც გამარჯვებით დასრულდება.
„ამ ქვეყანაში სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში არასოდეს აირევა, ბიძინა ივანიშვილო. ამ ქვეყანაში ღირსება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა არ დაიცლება შინაარსისგან და არ იქცევა ცარიელ სიტყვებად. ივანიშვილმა ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც იქცა თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ თანამედროვე ქართულ ისტორიაში, ამ ისტორიულ რუსთაველის გამზირზე გაბედა და თქვა, რომ მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის ევროპა, მაშასადამე, მის ინტერესებში არ შედის ევროპული მომავალი. დიახაც, იყო ხალხი, ვინც პირველად შოკირებულმა მოისმინა და დაიჯერა, რომ ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა აღარ იყოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მდგომი. ყველაფერი, რაც მან გუშინ ილაპარაკა, იყო ნაკარნახევი სისუსტით, ეს არ იყო ძლიერის პოზიციიდან საუბარი. საბოლოო ჯამში, იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მეტად სჯერა წარმატების და გამარჯვების. ყველაზე მეტად კი ამის სჯერა ქართველ ხალხს, გვჯერა ჩვენ და, ბუნებრივია, გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ შუა საუბარში მის მიერ ნაძალადევად მოყვანილი ხალხიც კი გაეცალა მას. შუა საუბრისას გაბედა და რუსთაველის გამზირი ჩააბნელა, რომ არ გვენახა, როგორ ეცლებოდა ხალხი. ყველაფერი არის ჩვენს ხელთ ისე, როგორც არასოდეს. ისტორიული სამართლიანობა აღდგება და ვეღარავინ ვერასოდეს რუსთაველის გამზირზე ვერ გაბედავს, დადგეს პირდაპირ ეთერში და თქვას, რომ მისი ამოცანა, ქვეყნის ამოცანა აღარ არის ევროპული მომავალი. გავმაგრდეთ და ძალიან მალე იქნება გამარჯვება, რომელიც იქნება ყველაზე მტკიცე. დღეს, შვიდ საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე. ეს არის ეროვნული მოძრაობა, აქ არავინ არის ორგანიზატორი. როგორც თქვენ მოხვალთ, ისევე პარტია „ახლის“ წარმომადგენლები, ჩვენც მოვდივართ და ასე ვიქნებით, ვიდრე რუსები არ მოშორდებიან მართვის სადავეებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.