ნიკა მელია - როდესაც პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას გენოციდს უწყობს, საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ რუსეთთან ფარულ სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს
ნიკა მელია - როდესაც პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას გენოციდს უწყობს, საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ რუსეთთან ფარულ სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს

როდესაც პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას გენოციდს უწყობს, საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ რუსეთთან აწარმოებს ფარულ სავაჭრო მოლაპარაკებებს, რომლის შესახებ ცნობილი გახდა რუსული საინფორმაციო საშუალებებიდან, საქართველო გადაიქცა მკვლელებისთვის სანქციების თავის არიდების ადგილად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგმართავთ ყველას, ვისაც საქართველოს მომავალი თავისუფალი ერების ოჯახში წარმოუდგენია, დღეს მთელი მსოფლიოს თვალწინ რუსეთი ინტენსიურად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, დამიზნებით ესვრის საცხოვრებელ კორპუსებს, წვავს საბავშვო ბაღებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, უკვე მოკლულია 38 ბავშვი და შუაგულ ევროპაში ასობით ბავშვი იბადება მიწისქვეშა ბუნკერებში და არავინ იცის, როდის იხილავენ ისინი დღის შუქს და მშვიდობიან ცას. უკვე მილიონ ნახევარი უკრაინელი იქცა დევნილად.

ამ ბოროტების წინააღმდეგ გაერთიანდა მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო, რომელიც მორალურად, ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით მხარში ამოუდგა უკრაინის თავისუფლების მოყვარე ხალხს. დღეს ყველა დემოკრატიული, ძლიერი და მდიდარი სახელმწიფო თანხმდება, რომ ამ ბრძოლაში უკრაინელმა ხალხი გაიმარჯვებს და პუტინის რეჟიმის მარცხი გარდაუვალია.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ განცხადებებში უკვე სისტემატურად თავს ესხმიან ომში მყოფ უკრაინას და უკრაინელი ხალხის ლიდერს – ვლადიმერ ზელენსკის. ასეთ რამეს მხოლოდ ორი ქვეყნის ხელისუფლება აკეთებს – რუსეთის და ბელარუსის.

მაშინ, როდესაც ასეთი ერთსულოვანია მთელი მსოფლიო, „ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველო ღიად დააყენა რუსეთისა და ბელარუსის მხარეს.

ახლა კი ვიგებთ, როცა პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას გენოციდს უწყობს, საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ რუსეთთან აწარმოებს ფარულ სავაჭრო მოლაპარაკებებს, რომლის შესახებ ცნობილი გახდა რუსული საინფორმაციო საშუალებებიდან. საქართველო გადაიქცა მკვლელებისთვის სანქციების თავის არიდების ადგილად. ამ დანაშაულებრივი ქმედებით „ქართული ოცნება“ მკვლელებს აფინანსებს.

მეტიც, რუსეთის მხარეს დგომა და აგრესორი სახელმწიფოსთვის სანქციების არიდების ხელშეწყობა, გვაყენებს იმ რისკის წინაშე, რომ ხვალ შეიძლება საქართველოც აღმოჩნდეს საერთაშორისო საზოგადოების სანქციების ქვეშ და სწორედ ეს დააზიანებს ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს“,- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების სწორედ ასეთი დაუფარავი მოღალატეობრივი პოლიტიკა არის მთავარი საფუძველი ქართულ საზოგადოებაში იმ დიდი მღელვარებისა, რომელიც უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის ათასობით მოქალაქის საქართველოში შემოშვებას.

„უკრაინის ბრძოლა საქართველოს ბრძოლაა. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიყოთ ამაყები, იმის მაგივრად, რომ მეგობრებს დახმარების ხელი გავუწოდოთ საერთო ბრძოლაში, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ვიყოთ გარიყულები ცივილიზებული სამყაროდან, რომ ვიყოთ მთელი მსოფლიოსა და უკრაინის წინაშე დამცირებულები, ვიყოთ თავჩაქინდრულები და შერცხვენილები.

მაშინ, როდესაც თავად პუტინი ამბობს, რომ მან დაიწყო ომი, საქართველოს მთავრობა არ პასუხობს კითხვას, ვინ დაიწყო ომი, რუსეთმა თუ უკრაინამ.

ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ამ ომში თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილია და რუსეთი გაიმარჯვებს, საუბრობენ იმაზე რომ უნდა გამოიყენონ რუსეთთან ეკონომიკური შესაძლებლობები. და ამის მერე ვინმეს დარჩა კითხვები, თუ სად დგას „ქართული ოცნება“.

აღარ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“. არსებობს „რუსკი კარაბლი“ საქართველოს ხელისუფლებაში.

მაგრამ არსებობს ქართველი ერი, რომელმაც ბოლო დღეებში აჩვენა, რომ შეუძლია თვითორგანიზება, შეუძლია საკუთარი ღირსების დაცვა, შეუძლია მისი ტრადიციების და მისი იდენტობის დაცვა და მთელს მსოფლიოს დავანახეთ, რომ ჩვენ ვიცით მშვიდობის, მეგობრობის და თავისუფლების ფასი“,- განაცხადა მელიამ.