ნიკა მელია - როცა ამბობ, ლეგიტიმაციას არ შევძენ პარლამენტს, მაგრამ ინდივიდუალურ განცხადებას არ წერ, ესე იგი, რაღაც სხვა სცენარისთვისაც ემზადები 
ნიკა მელია - როცა ამბობ, ლეგიტიმაციას არ შევძენ პარლამენტს, მაგრამ ინდივიდუალურ განცხადებას არ წერ, ესე იგი, რაღაც სხვა სცენარისთვისაც ემზადები 

როდესაც ვსაუბრობთ, რომ სიები წინასწარ ჩაიხსნას, მანდატებზე წინასწარ ვთქვათ უარი, მნიშვნელოვანია ასევე პრაქტიკული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რადგან რეპუტაციაშერყეულია ოპოზიცია ამ თვალსაზრისით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას შეფასებით, არჩეული დეპუტატების მხრიდან მნიშვნელოვანია მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ინდივიდუალური განცხადებების დაწერა, რათა საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა, რომ სამომავლოდ ისინი რაღაც სხვა სცენარისთვის ემზადებიან.

„მთავარი ხედვა, გეგმა, სტრატეგია არის შემდეგი – სამართლიანად ვარყიოთ რეჟიმი, ვიდრე არ ჩამოინგრევა. სხვადასხვა გზით, იქნება საერთაშორისო აქტიურობის დონეზე, სამართლებრივი თუ ქუჩის ძალიან მნიშვნელოვანი არენით აქტიურობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც მეტი და მეტი ადამიანი საკუთარ მართალ პოზიციას მკვეთრად დააფიქსირებს ქუჩაში, მით უფრო დაახლოვდება ის თარიღი, პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება“, დიახაც, ქართველი ხალხის წინაშე კაპიტულაციას გამოაცხადებს, რადგან ის არ არის მართალი. მან მოჰპარა ამ ქვეყანას ყველაზე ძვირფასი, რისთვისაც თაობებს უბრძოლია. ამიტომ ამ გეგმას, ხედვას თუ სტრატეგიას გადახედვა არ უწერია. კონკრეტულად რა კალენდარულ დღეს რა მოხდება, ამას ჩვენ ყველანი ერთად ვიხილავთ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არის მნიშვნელოვანი თარიღები წინ, როგორიცაა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გამოცემა, ე.წ. პარლამენტის შეკრების თარიღი. საქართველოს პარლამენტად ეს პარლამენტი ნებისმიერ შემთხვევაში ვერ შედგება. ამიტომ ჩვენ, დიახაც, როდესაც ვსაუბრობთ, რომ სიები წინასწარ ჩაიხსნას, მანდატებზე წინასწარ ვთქვათ უარი, მნიშვნელოვანია, ასევე პრაქტიკული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რადგან რეპუტაციაშერყეულია ოპოზიცია ამ თვალსაზრისით. არავისკენ ხელებს არ ვიშვერთ, მაგრამ რაც უფრო სწრაფად დარწმუნდება ყველა, რომ ყველა ამბობს უარს ამ პარლამენტში მონაწილეობაზე, არა კონკრეტულად პირველი სასესიო სხდომის ფარგლებში, არამედ მთლიანად, როდესაც შენ ამას ასე არ აკეთებ და ამბობ, რომ ლეგიტიმაციას არ შევძენ პარლამენტს, მაგრამ, მაგალითად, ინდივიდუალურ განცხადებას არ წერ, როგორც უკვე არჩეული დეპუტატი და უბრალოდ არ დადიხარ პარლამენტში, ესე იგი, რაღაც სხვა სცენარისთვისაც ემზადები, ხომ, მომავალში? ამას საზოგადოებაც ხედავს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკო-ს მიმართეს, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი. აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერ საქართველოს“.