ნიკა მელია - რატომ ვერ გვშლიან? რატომ ვერ ბედავენ ვერც რეზინის ტყვიების სროლას, იმიტომ, რომ ბევრნი ვართ, უფრო მეტნი უნდა გავხდეთ, უკან დასახევი გზა განგებამ აღარ დაგვიტოვა
ბევრი კითხვა ისმის პოლიტიკოსების მიმართ. ეს არის პროცესი, რომელიც მთლიანად დისტანცირებულია პარტიული პოლიტიკისგან. მთლიანად არის და იქნება. ნებისმიერ ადამიანს, ჯგუფს, რომელიც მოიწადინებს, ეს მოაქციოს პარტიული ინტერესის სფეროში, ამის უფლებას არ მივცემთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.
მელიას თქმით, რამდენი დღეც იქნება საჭირო, მშვიდობიანად უნდა იდგნენ რუსთაველის გამზირზე.
„ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დავდექით და რა უნდა გაკეთდეს – ჩემო დედებო, მამებო და თანატოლებო, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიდგეთ, რამდენი დღეც არ უნდა დასჭირდეს. ვიდგეთ, ვიდრე გამარჯვებას სიმრავლით, სიმტკიცით არ მოვიპოვებთ, ვიდრე არ დავღლით ამ რობოკოპებს, სპეცრაზმელებს, პოლიციელებს, პროკურორებს. თვეების განმავლობაში კიევში, მეტროსადგურებში ათენებდნენ და აღამებდნენ ჩვილი ბავშვები, დედები, მამები სურსათ-სანოვაგის ნაკლებობის პირობებში, თვეები იცხოვრეს იქ. მოიპოვეს და შეინარჩუნეს თავისუფლების შანსი. გამარჯვების უდიდესი შანსი არის უკრაინაში და ჩვენ რამ უნდა შეგვიშალოს ხელი. რამდენი ღამე და დღეც არ უნდა დაგვჭირდეს, მშვიდობიანად ვიდგეთ აქ. ეს არის ის სტრატეგია, რომელიც უნდა დავუპირისპიროთ რეჟიმს. დიდი გამარჯვება დიდი ძალისხმევის გარეშე არ მოდის. დაიღლება შვილი? ჩაანაცვლოს მამამ. დაიღლება ბებია? ჩაანაცვლოს შვილიშვილმა, მაგრამ რუსთაველის გამზირზე უნდა ვიდგეთ და ვიდგეთ.
ამასობაში, შემოუერთდება ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა ქალაქიდან. დარწმუნებული ვარ, როცა მყარად დარწმუნდება საზოგადოების ჯერ კიდევ პასიური ნაწილი ჩვენს სიმტკიცეში, რამდენიმე დღეში აღარც ლექტორები შევლენ აუდიტორიებში, ვიდრე გამარჯვებას არ მოიპოვებს ქართველი ხალხი სახელმწიფოს სახელით, აღარც პედაგოგები შევლენ საკლასო ოთახებში. სტუდენტებთან ერთად, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები აქ დადგებიან. ამასთან, მიმაჩნია, ჩვენ უნდა ვისაუბროთ კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან, ოპოზიციას ვინც წარმოადგენს, და დიდი მადლობა მათ, ვინც იბრძოლა ამ დღეების განმავლობაში, გამოიყენეს ყველა მწირი შესაძლებლობა, რომელიც მათ მიეცათ. ახლა იმპერატიულად არ ვსაუბრობ, მინდა, ჩემი აზრი გაგიზიაროთ. მიმაჩნია, როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ სხვა პროფესიის ადამიანებს, დღე და ღამე აქ გაატარონ, იქ, სადაც ბოლშევიკური კანონპროექტის შემოქმედება პირველი მოსმენით აქციეს, იკადრეს ის, რაც იკადრეს, ამ ბოლშევიკურ შენობაში, ამ ადამიანებთან ერთად ყოფნა აღარ შეიძლება. მიმაჩნია, ყველამ უნდა დაინახოს, რომ ახლა უალტერნატივო ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ რუსთაველის გამზირზე არის შესაძლებელი. ოღონდ, ცალსახად მშვიდობიანად და სიმრავლით. მჯერა, ვიმედოვნებ, ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენ აბსოლუტურად დამსახურებულად ვუწოდეთ ადამიანები, ვინც ღალატს ჩადიან, პუტინის მსახურები, მოღალატეები, არ ვიცი, რა არ ვუთხარით, რასაც იმსახურებდნენ, მიუხედავად ამისა, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. იქ ახლა ჭიდაობისთვის მეტი აღარავინ აღარასოდეს არ უნდა შევიდეს. ჭიდაობა უკვე სპორტულ დარბაზებშიც არის შესაძლებელი, მაგრამ ეს არ არის ახლა ნომერ პირველი ამოცანა, ამას დეპუტატები თავად მიიღებენ გადაწყვეტილების სახით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ ვერ გშლიან? რატომ ვერ ბედავენ ვერც რეზინის ტყვიების სროლას, ვერც მასობრივ დარღვევას, რაც მათ ჩვევიათ და ეს გამოცდოლება აქვთ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ძალიან მშვიდად ვართ. უფრო მეტნი უნდა გავხდეთ. უკან დასახევი გზა ჩვენ განგებამ აღარ დაგვიტოვა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამნაშავეები ისტორიის წინაშე. ყოველთვის მინდოდა, რომ ასაკს ხელი შეეწყო და 1989 წლის 9 აპრილს ერთ-ერთი ვყოფილიყავი აქ, რუსთაველის გამზირზე და ახლა ვართ ჩვენ აქ, ჩვენს ხელთ არის მომავლის გამოძერწვის საუკეთესო მექანიზმი, დაუღლელობა და თანმიმდევრულობა, ოღონდ მორალური უპირატესობა ნამდვილად ხელიდან არ უნდა გავუშვათ. იქ, სადაც არის უდიდესი მორალური უპირატესობა, და დღეს ეს უპირატესობა არის ხალხში, იქ აუცილებლად დადგება პოლიტიკური უპირატესობაც. გამძლეობას გისურვებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.