ნიკა მელია - რაციონალურობისგან დაცლილია ახლა საუბარი ერთ პარტიად ქცევასა და ერთი ნომრით ასპარეზობაზე იმ არჩევნებზე, რომლის ვადაც ჯერ განუსაზღვრელია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმა, აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას. „ჩვენ თუ დავრწმუნდებით, რომ პარლამენტარების პარლამენტიდან გამოსვლა იქნება მიზანთან დასაახლოებელი ქმედითი ნაბიჯი, ბუნებრივია, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ მომენტში ამ ნაბიჯს გადადგამს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიას თქმით, რეალურ დემოკრატიულ, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა საზოგადოებისთვის უცხო არ არის, უკანასკნელი წლების განმავლობაში, თანამშრომლობა შემდგარა ნაწილობრივ წარმატებულად, ნაწილობრივ წარუმატებლად და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება.
„გაგრძელდება ევროპული იდეის გარშემო, მიტაცებული სახელმწიფოს უკან დასაბრუნებლად, გაგრძელდება თანამშრომლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც აინტერესებს საზოგადოებას, პოსტბიძინა ივანიშვილისეულ საქართველოში როგორი იქნება მათი ყოფა, და თუ რეალურად ხელისუფლების ცვლილება ნიშნავს უკეთესობას. არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც უნდა, დაიჯეროს, რომ რეჟიმის ცვლილების შემდეგ ცვლილება მოიტანს უკეთესობას. ჩვენ თანამშრომლობას ვაპირებთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, დაწყებული მართლმსაჯულების პრობლემით, გაგრძელებული ეკონომიკის დარგის განვითარებით, სწორი საინვესტიციო კლიმატის შექმნით და მრავალი სხვა საკითხის გარშემო“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განმარტებით, თუმცა სრულიად სხვა საკითხია, როდესაც საუბარია კონკრეტულ პარტიებს შორის ერთ პოლიტიკურ სუბიექტად ქცევაზე. „ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული საკითხი, რომელსაც ამ ეტაპზე, რაციონალური ახსნა არ აქვს“, – აღნიშნავს ნიკა მელია.
რაც შეეხება „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს, ნიკა მელიას თქმით, გაერთიანება და თანამშრომლობა ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია და მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე თანამშრომლობა უფრო მაღალი ხარისხის თანამდებობაა, ვიდრე ერთ სუბიექტად გადაქცევა.
„ამ ორ ცნებას თუ გავმიჯნავთ და შევუდგებით მსჯელობას, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთ ოპოზიციურ, რეალურ პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა მოცემულ პერიოდში საუბარი ერთ პარტიად ქცევაზე და ერთი ნომრით ასპარეზობა იმ არჩევნებზე, სადაც ჯერ განუსაზღვრელია ვადა, როდის შეიძლება ჩატარდეს ეს არჩევნები, არ ემსახურება მიზანს და რაციონალურობისგან დაცლილია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უწყობდა პარტიებს შორის თანამშრომლობას და სთავაზობს თანამშრომლობას მთელ ოპოზიციურ სპექტრს, არა მხოლოდ ცალკეულ პარტიებს ან სამ პოლიტიკურ პარტიას.
„მივესალმები სამი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას. გულახდილად მივესალმები, თუ ისინი ჩამოყალიბდებიან ერთ სუბიექტად. საქმე იმაშია, რომ სამი პოლიტიკური პარტიის ერთ პარტიად გადაქცევა გააძლიერებს თითოეულ მათგანს. ამ ეტაპზე მათი ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მისასალმებელი, თუმცა საუბარი, რომ „ნაცმოძრაობა“ და სამი პარტია უნდა გადაიქცეს ერთ პოლიტიკურ სუბიექტად – აქ ვხედავ საფრთხეს, რომ ეს არათუ მოემსახურება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას, შეიძლება, უფრო გაიწელოს პროცესი“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.