ნიკა მელია - „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას, ქვეყანას და არა მე, ან გამოსავალი იპოვონ და დანიშნონ ახალი არჩევნები
ნიკა მელია - „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას, ქვეყანას და არა მე, ან გამოსავალი იპოვონ და დანიშნონ ახალი არჩევნები

„ქართული ოცნება“ და არის ჩიხურ მდგომარეობაში. არ იცის, როგორ დაიხიოს უკან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ბოდიში მოიხადოს განსაკუთრებით 20 ივნისთან და იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც შეთხზეს სისხლის სამართლის საქმის სახით.

მთელი საზოგადოება არის კარგად ინფორმირებული, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, 20 ივნისი არ იყო რიგითი კალენდარული დღე, ხელისუფლებამ აქცია ის ეროვნული გაერთიანების დღედ, სადაც ხალხი საერთო ეროვნულ პროტესტში იღებდა მონაწილეობას დამოუკიდებლად, სტიქიურად. ძალიან ბევრ განსხვავებულ ადამიანს ჰქონდა სურვილი, გამოსულიყო რუსთაველის გამზირზე 2019 წლის 20 ივნისს და გაეპროტესტებინა ოკუპანტი სახელმწიფოს მართლაც გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც მიიღეს ზარზეიმით. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა, სამწუხარო,  მათ იძალადეს ხალხზე. ამის შემდეგ, წელიწადნახევრის თავზე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქეს დაჭერას, დაკავებას, 20 ივნისის საფუძვლით ვერავინ გამოიწვევს საზოგადოებაში ვნებათაღელვას. ამას ატყობს „ქართული ოცნება“ და არის ჩიხურ მდგომარეობაში. არ იცის, როგორ დაიხიოს უკან. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დაიხიოს უკან, როგორ – ეს მათ უნდა გადაწყვიტონ. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას, ქვეყანას და არა მე, იმისთვის, რაც გააკეთა; განსაკუთრებით 20 ივნისთან და იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც შეთხზეს სისხლის სამართლის საქმის სახით, ან უბრალოდ გამოსავალი იპოვონ, თითქოს მარტივ, მაგრამ როგორიც საჭიროებს გამბედავ გადაწყვეტილებას – დანიშნონ ახალი არჩევნები. ასე უბრალოდ, ვერ გაგრძელდება, გავრილოვის დავალებით, ქართველი ორი სამი, ან თუნდაც ერთი მოქალაქე ციხეში ვერ წავა. ქართველი ხალხი სამართლიანად გამოთქვამს პროტესტს, როდესაც მას სულში შეურაცხყოფას აყენებ“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ხვალაც აპირებს სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობას.

წავალ-მოვალ, ჩვეულებრივ, როგორ დღის რეჟიმშიც ვიყავი. სხვადასხვა ღონისძიებას ვესწრებოდი, მქონდა დაგეგმილი სხვადასხვა საზოგადოებრივი აქტივობა, იგივე მექნება ხვალაც. მთელი დღის განმავლობაში მექნება როგორც გასვლითი ღონისძიებები, ასევე შიგნით ოფისში“, – განაცხადა მელიამ.