ნიკა მელია - „ქართულ ოცნებას“ არანაირი შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის
შეუძლებელია იმის ახსნა, რატომ ჯიუტობს „ქართული ოცნება“ და რატომ არ გადაჰყავს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პატიმრები სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაუყვანიათ და ამ შემთხვევაშიც „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანონ.
„მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მთელი პასუხისმგებლობა, ტვირთი აკისრია „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. შეუძლებელია იმის ახსნა, რატომ ჯიუტობს „ქართული ოცნება“ და რატომ არ გადაჰყავს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, თუ რაიმე სხვა ბოროტი განზრახვა არ აქვს. ამიტომ არანაირი შესაძლებლობა და უფლება არ უნდა მიეცეს „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის.
შარშან 600-მდე პატიმარი არის გადაყვანილი კერძო სამოქალაქო სავადმყოფოებში. გამონაკლისი რომ იყოს, რის დაშვებასაც ჩვენ ვითხოვთ, კიდევ შეიძლება, გამეგო რომელიმეს არგუმენტი „ქართული ოცნების“ წიაღიდან, მაგრამ ეს არის აპრობირებული გზა, როდესაც მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაჰყავთ პატიმარი. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, როდესაც არის წუხილი ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებაში, მაშინ საზოგადოება უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და „ქართულ ოცნებას“ ამ ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.