ნიკა მელია - „ქართულ ოცნებას“ არ ვაძლევთ იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი, 3 ოქტომბრის დილით რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეთ და თქვან, რომ არ ჩანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს
ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ ძალიან სამართლიანად და დამსახურებულად შევბოჭეთ, რომ მათ არ ჰქონდეთ გასაქანი, გავიდნენ დასავლური სივრციდან, ვიდრე ისინი წარმოადგენენ ოფიციალურ პირებს და სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა,.
„არ უნდა მივცეთ დასავლელ პატნიორებს, სტრატეგიულ მეგობრებს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, იმის გამო რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ. ამისთვის მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, რომელიც ცნობილი იყო სხვადასხვა დებულებაში, რაც გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს არის მეასეხარისხოვანი, არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე, შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და მიიღო, სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ღიად დეკლარირებული ხელისუფლება, რომელიც არ ერიდება, გააკეთოს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც უბრალოდ ეწინააღმდეგება ტრადიციულ საგარეო კურსს.
მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება.
„ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს ჰყოფნით კადნიერება და ამბობენ, რომ რომ ევროკავშირს სურს თურმე სახელოვანი ქართული სასამართლო სისტემის განადგურება, შესაბამისად, ისინი არ თვლიან საჭიროდ, მიიღონ ამ მიმართულებით დახმარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ისინი არ ერიდებიან, მაგალითად, ჩვენი ყველაზე მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორის, ესტონეთის გაკრიტიკებას და მოუწოდებენ ესტონეთს, როგორც სახელმწიფოს, მიხედონ საკუთარ თავს. ისინი აკრიტიკებენ პრაქტიკულად ყველა ევროპარლამენტარს და ეუბნებიან, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი უფროსები. ეს უბრალოდ რაც განცხადების დონეზე კეთდება, რაც აქამდე არ კეთდებოდა, აქამდე ქმედებებით ვცდილობდით, დაგვერწმუნებინა საქართველოს მოქალაქეები, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ღიად დაიწყეს საუბარი იმაზე, რასაც აკეთებდნენ. ახლა გვაქვს მოცემულობა, აკეთებენ იმას, რაც ანტისახელმწიფოებრივია, ანუ ზურგს აქცევენ ყველა სახის საერთაშორისო შეთანხმებას და ამას ამატებენ უკვე კონკრეტულ განცხადებებს, რითაც ჩემი, თქვენი, ჩვენი შვილების, მშობლების, უცხო ადამიანების, ვინც უბრალოდ დადის თბილისის ქუჩებში, უბრალოდ დგება იმ რეალობის წინაშე, სადაც ვიცით, რომ სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება არის ძალიან მტკივნეული კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ქართულ ოცნებას არ ვაძლევთ არანაირ, იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, 3 ოქტომბერს დილით რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეთ და თქვათ, რომ არ ჩანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.