ნიკა მელია - პროკურატურის წარმომადგენლის საუბრის მანერა ძილის წინ ზღაპრის წაკითხვას მაგონებს
პროკურატურის პრესკონფერენცია იყო არასერიოზული, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ პროკურატურას ის პროპაგანდა დაემსხვრა, რომლითაც თავს იწონებდა, ვიდრე ვიდეომასალას გავავრცელებდით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, პროპაგანდა პროკურატურის არის დანგრეული, თითქოს დარბევა იმიტომ დაიწყო, რომ არსებობდა მყისიერი საფრთხე პარლამენტში შევარდნის, ვიდეომასალაში საზოგადოებამ სხვა რამ იხილა.
„24 დღის განმავლობაში პროკურატურის ერთი და იგივე წარმომადგენლის მხრიდან იმ მანერით, როგორც საუბრობს და სიმართლე გითხრათ, მაგონებს ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერას. საუბარს ხომ არ სჯობს მტკიცებულებები წარმოადგინოს, მაგრამ როგორ წარმოადგენს, რომელიც არ არსებობს. პროკურატურის მთელი პროპაგანდა არის დანგრეული, თითქოს დარბევა იმიტომ დაიწყო, რომ არსებობდა მყისიერი საფრთხე პარლამენტში შევარდნის და ამიტომ დავიწყეთ დარბევა, ამიტომ დაითხარა თვალები და დაიღვარა სისხლი. ჩემ მიერ გავრცელებულ მასალაში სრულიად საპირისპირო იხილა ქვეყანამ. ამის შემდეგ სამი დღე დასჭირდა პროკურატურას, ეს უფერული პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. ისინი საუბრობენ, კი ბატონო, მელია იქ საუბრობდა და ხალხს უთანხმებდა შევიდეთ თუ არა ბახტაძე-გახარიასთან შესახვედრადო, ამ დროს მის უკან ხელჩართული ორთაბრძოლა მიმდინარეობდაო. ხუთ მეტრში ვიდექით პოლიციელების კორდონიდან და მთელ ამ უწყვეტ კადრში არანაირი ხმაური არ იყო იმ დროს, არანაირი აყალმაყალი, იქ ხუთ მეტრში შეხლა-შემოხლა რომ ყოფილიყო, ერთი ადამიანი მაინც არ მიატრიალებდა თავს და უკან არ შეხედავდა? არასერიოზული პრესკონფერენცია იყო, რომელიც ნათლად ადასტურებს რომ პროკურატურას ის პროპაგანდა დაემსხვა, რომლითაც თავს იწონებდა, ვიდრე ვიდეომასალა გავრცელდებოდა. პროკურატურამ თქვა, მელია მშვიდად იმიტომ საუბრობდა, რომ ნიღბავდა სისხლის სამართლის დანაშაულსო, თორემ რეალურად გულში სხვა რამ ედოო, აქამდე დავიდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა რეალურად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. „კერძოდ, ეს ვიდეომასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით გადასცა დაცვის მხარეს. დაცვის მხარემ მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას“, – განაცხადეს პროკურატურაში და ვიდეომასალაც გაავრცელეს.