ნიკა მელია - პროფესიონალებს თუ მიაჩნიათ, რომ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ლოკდაუნით ან არჩევნების გადადებით, ჩვენ რეალობას თვალს გავუსწორებთ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თუკი ეპიდემიოლოგები გასცემენ რეკომენდაციას, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით უმჯობესი იქნება არჩევნების გადადება, მაშინ რეალობას თვალს გაუსწორებენ.
მისივე თქმით, ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა საზოგადოებას უთხრან, როგორია მათი პროგნოზი.
„ამ ეტაპზე ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა გვითხრან, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ, თუ როგორია მათი ხედვა, პროგნოზი. კარს მომდგარი პერიოდის გათვალისწინებით კორონავირუსი გამძაფრდება თუ – არა, რამდენად რეალურია საფრთხე, ამ ყველაფერზე მათ უნდა ისაუბრონ. უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს და ამ მიზეზებზე ვისაუბრეთ, თუ რატომ მოვედით დღევანდელ დღემდე, რადგან ხელისუფლება იყენებდა ვითარებას პილიტიკური მანიპულაციებისთვის. ამიტომ, ახლა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა საზოგადოებას უთხრან, რა გველოდება. ამ წუთას არის სრული ვაკუუმი, სიბნელეში დგამენ ნაბიჯს და ამ სიბნელეში ხელების ფათურით დღეში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს. თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ლოკდაუნის დაწესებით ან არჩევნების გადადებით, პროფესიონალებზე ვსაუბრობთ, გამყრელიძეზე, იმნაძეზე, ცერცვაძეზე, ამ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ. ვინ თუ არა მათ იციან, ხელი უდევთ პულსაციაზე, თუ რამდენად მძიმეა ვითარება, უნდა გამოვიდნენ და საზოგადოებას, მათ შორის პარტიებს, გვითხრან.
ცალკე აღებული პოლიტიკოსის მხრიდან საუბარი იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არც მართებულია და არც შეუძლია. თუ ეს გასაკეთებელია და თუ პროფესიონალები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს წნეხს, ვეღარ უძლებენ ჩვენი ინფორმაციით და არის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა ხელისუფლებასა და ეპიდემიოლოგებს შორის, ამის თაობაზე საუბარი უნდა გაიხსნას მათი მხრიდან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ რეალობასაც გავუსწორებთ თვალს, ოღონდ ისე არ მოხდეს, როგორც შარშან, როდესაც დეკემბრის თვეში ერთ-ერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ სექტემბერში მხოლოდ აჭარის რეგიონი რომ ჩაგვეკეტა, ბევრ პრობლემას ავირიდებდითო და ეს თქვა დეკემბერში. აგერ ბატონო, ვართ საარჩევნო პროცესში, გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე უნდა გამოვიდნენ და თქვან, ველოდებით მათ პოზიციას. თუ მათ ვინმე არ ეთანხმება ხელისუფლებაში, ამასაც გავიგებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.
ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.