ნიკა მელია - პრეზიდენტმა უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები უნდა გაათავისუფლოს, ვფიქრობ, მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში გაკეთდა, ამ შანსს ამცირებს
ნიკა მელია - პრეზიდენტმა უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები უნდა გაათავისუფლოს, ვფიქრობ, მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში გაკეთდა, ამ შანსს ამცირებს

პრეზიდენტს ჩემზე კარგად აქვს პოლიტიკური ინსტრუმენტი და უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები უნდა გაათავისუფლოს. მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში გაკეთდა, ვფიქრობ, ამ შანსს ამცირებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის დღეს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით ღრმა ანალიზის გაკეთება შეუძლებელია.

„ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით შეუძლებელია, ამ ეტაპზე რაიმე ღრმა ანალიზი გავაკეთო, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მან გააკეთა გამომრიცხავი განცხადებები ნახევარი საათის განმავლობაში. ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს პოლიტიკური ინსტრუმენტები, თუ ნამდვილად თვლის და იმედია, თვლის, რომ ქვეყანას უდგას ძალიან მძიმე პერიოდი „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო. მთელმა ცივილიზებულმა დასავლურმა სამყარომ გუშინ შავით თეთრზე გვითხრა, თუ რა არის პრობლემა – მედიათავისუფლება, პოლიტიკური მართლმსაჯულება. ორივე საკითხთან მიმართებით მას სულ მცირე შეუძლია, ხვალვე შუალედური გადაწყვეტილებების მიღების პირობებში ხელი შეუწყოს ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ ქვეყანამ მიიღოს სანუკვარი კანდიდატის სტატუსი და არ დაკარგოს. ამისათვის მან რა უნდა გააკეთოს? მას ჩემზე კარგად აქვს პოლიტიკური ინსტრუმენტი და უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები უნდა გაათავისუფლოს. ასე რომ, მისი განცხადება ურთიერთგამომრიცხავი, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში გაკეთდა, ვფიქრობ, ამ შანსს ამცირებს. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, სად ხედავს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ამ რთული ვითარების პროცესში კვანძის გახსნის მხრივ, თუ არ იყენებს იმ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელსაც ის ფლობს. თუ არ იწყალებ ადამიანებს, რომლებიც არიან უკანონო პატიმრობაში და ამაზე მიგითითებს შენ, მათ შორის ის პარტნიორები, რომლებსაც შეხვდა ბრიუსელში, მაშინ გაუგებარია რაში გამოიხატება მისი პოზიტიური ჩართულობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გააკეთა, რა დროსაც აღნიშნა: „არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების ევროპული მომავალი არ დავიცვა. ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“. სალომე ზურაბიშვილმა მალევე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა: „არა და არასოდეს, არავის ვიწყალებ. მორჩით სპეკულაციებს“.