ნიკა მელია - პრაიმერიზი დღეს ვინმეს თუ აწყობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა მიმაჩნია, რომ მსგავსი გეგმა ჩიხში შეიყვანს ოპოზიციას და არა ხელისუფლებას
ნიკა მელია - პრაიმერიზი დღეს ვინმეს თუ აწყობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა მიმაჩნია, რომ მსგავსი გეგმა ჩიხში შეიყვანს ოპოზიციას და არა ხელისუფლებას

ვინმეს თუ დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, ოპოზიციამ კონკრეტული საკითხების გარშემო უნდა ითანამშრომლოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც რეალურად სურს ცვლილება ამ ქვეყანაში და ვინც რეალურად უპირისპირდება ოლიგარქიული ტიპის მმართველობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გამონაკლისის გარეშე უნდა მოხდეს თანამშრომლობა, რათა მიტაცებული სახელმწიფო დაუბრუნდეს ხალხს. რაც შეეხება კონკრეტულ პრაიმერიზს, თუ ვინმეს დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც უცხო ნამდვილად არ არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს მარტივი მიზეზის გამო და ამ მიზეზებს ახლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა? ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ივანიშვილის ოლიგარქიული წყვდიადი არ გაქრება“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციამ ჯერ სამართლიანი საარჩევნო გარემო უნდა მოიპოვოს და შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტია ინდივიდუალურად გაძლიერდეს.

„ვფიქრობ, უნდა ვითანამშრომლოთ პარტიებმა კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, ეს პოზიცია არის ჩამოყალიბებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, მოვიპოვოთ სამართლიანი საარჩევნო გარემო და მერე ყველა ოპოზიციური პარტია ინდივიდუალურად გაძლიერდეს. ვფიქრობ, მთელი ძალ-ღონე და ენერგია ამ მიმართულებით უნდა მოახმაროს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განსაკუთრებით შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიებმა, ვიდრე ეს არის „ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ შარშან და შარშანწინ პრაიმერიზის გზით რომ შეგვერჩია მერობის კანდიდატი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ყველაგან გაიმარჯვებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს რომ ვიცოდით ამიტომ ჯენტლემენურად, კოლეგიალურად დავსხედით და გავაკეთეთ სამართლიანი ჟესტი ოპოზიციური პარტიების მიმართ. ჩვენ რისთვის გვინდა კონკრეტული პროექტის განხორციელება, იმისთვის, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან. მიმაჩნია, რომ მსგავსი გეგმის განხორციელება ჩიხში შეიყვანს ოპოზიციას და არა ხელისუფლებას“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ოპოზიციის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით, მელიას თქმით, „დეპუტატების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა პარლამენტს დატოვებასთან დაკავშირებით ჩიხში უნდა შეიყვანოს ხელისუფლება და ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს სახელმწიფო“.

„ყველა ადამიანის მოსაზრებას ვცემ პატივს, მით უფრო, რომ ვაცნობიერებ ოპოზიციურ პლატფორმაზე, სადაც ბევრი განსხვავებული ადამიანია მეტი და ნაკლები გამოცდილებით, მეტი და ნაკლები დამსახურებით ქვეყნის წინაშე, მაგრამ აერთიანებს ერთი ეროვნული იდეა, სურთ არაფორმალური ოლიგარქიული ტიპის მმართველობის დასრულება. მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით. პატივს ვცემ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას, ისევე როგორც სხვა ადამიანის მოსაზრებებს, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, მიმაჩნია რომ ქართული, რეალური ოპოზიციური დეპუტაციის პარლამენტის დატოვება უნდა ნიშნავდეს ხელისუფლებისთვის კრიზისის შექმნას. ასეთ შემთვევაში ეჭვი არ მეპარება, ყველა ანთებული, გულახდილი ოპოზიციონერი იქ საკუთარ თავს ვერ იპოვის და იქნება ხალხთან ერთად. დეპუტატების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა პარლამენტს დატოვებასთან დაკავშირებით ჩიხში უნდა შეიყვანოს ხელისუფლება და ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს სახელმწიფო“, – განაცხადა მელიამ.