ნიკა მელია - პარტიის ინტელექტისგან დაცლა რეალობისგან ძალიან შორსაა, ყველა ჩვენს პარტნიორს, კოლეგას ვთხოვ, ერთმანეთს თავს ნუ დავესხმებით
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ არ ეთანხმება სალომე სამადაშვილის შეფასებას, რომელიც პარტიის ინტელექტისგან დაცლას ეხება.
ნიკა მელიას თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სამადაშვილის მხრიდან მსგავსი განცხადება გაკეთდა.
„სალომე სამადაშვილმა თუ თქვა, პარტია დაიცალა ინტელექტისგანო, ეს რეალობისგან ძალიან შორს არის, მე მას აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ეს არის პირიქით და ძალიან გული მწყდება, რომ მსგავსი განცხადება გაკეთდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მას წარმატებას ვუსურვებ. მას აქვს თავისი არჩევანი და ლეგიტიმური უფლება, მიიღოს ის გადაწყეტილება, რა გადაწყეტილებაც მიიღო. მე უფლებას ვიტოვებ, ყველა ჩვენს პარტნიორს, ყველა კოლეგას ვთხოვო, რომ ერთმანეთს თავს ნუ დავესხმებით. ეს განცხადება არ ემსახურება ჩემი სურვილების აღსრულებას, რომ ერთმანეთს თავს არ დავესხათ, მინიმუმ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამით ბევრ ადამიანს ადგება შეურაცხოფა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში, კომენტარში დაწერა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ აპირებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენას.
მისი განცხადებით, ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება, თუმცა შესაძლოა, დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად.