ნიკა მელია - პარლამენტში შესვლის საკითხი აუცილებლად გადაწყდება საჭირო ხარისხისა და ხანგრძლივობის კონსულტაციებით
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლის საკითხი საჭირო ხარისხისა და ხანგრძლივობის კონსულტაციებით გადაწყდება, რომელიც მის პარტიაში უკვე მიმდინარეობს.
როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება „ქვეყანაში პროცესების სწორად წარმართვას მოემსახურება“.
„ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება საჭირო ხარისხისა და ხანგრძლივობის კონსულტაციებით, რომელსაც ადგილი აქვს უკვე „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, საზოგადოება იქნება ინფორმირებული. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ ერთი რამ, გადაწყვეტილება იქნება იმდაგვარი, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში პროცესების სწორად წარმართვას. არამარტო პარტიის კეთილდღეობას მოემსახურება მიღებული გადაწყვეტილება, არამედ უფრო მეტს. ამ წუთისთვის, მზად ვარ გითხრათ შემდეგი, რომ ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი და გადაწყვეტილება იქნება ცნობილი თქვენთვის“, – განაცხადა მელიამ.
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და კონკრეტულად თბილისის მერობის კანდიდატის საკითხს, მელიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტული არ არის.
„კონსულტაციები ყველა საკითხზე მიმდინარეობს, გარდა მერობის კანდიდატობისა. ეს არ არის პრიორიტეტილი ამ ეტაპზე ნამდვილად“, – განაცხადა მელიამ.