ნიკა მელია - პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის სახელით გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მინდა, რეგიონებში საზოგადოების ფართო ნაწილთან კომუნიკაცია მქონდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში წევრების დიდ ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
როგორც მელიამ აღნიშნა, სურს, პარტიის სახელით გადაწყვეტილება საზოგადოებას მას შემდეგ აცნობოს, რაც რეგიონებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია ექნება.
„კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს უკვე მიღებული აქვს და შეიძლება, ბევრი არაფერი მაკლდეს, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას პარტიის სახელით გადაწყვეტილება ვაცნობო. ანუ ჩემს თავზე ავიღო, ის რაც ლეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს, რასაც ჩვენ პასუხისმგებლობას ვეძახით, მაგრამ ამას განგებ არ ვაკეთებ. სულ რაღაც ოთხი დღე ვარ, იქ სადაც ვარ და არა იქ, სადაც ვიყავი. არ მინდა, უპატივცემულობა დავაფიქსირო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში. ამავე დროს, არ მინდა, რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც პრაგმატული და რაციონალური იქნება. ეს არის მიზეზები, რატომაც დროში ვწელავ პროცესს და ვფიქრობ, სწორად ვიქცევი. სხვაგვარად პროცესი დაზიანდება, რაცთავმჯდომარისგან არ შეიძლება. თავმჯდომარეობა არ ნიშნავს, ყველა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო.
შესაძლოა, კობახიძეს გაუმართლოს და განცხადება, რომელიც გააკეთა დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს, ყველა ვარიანტში, ვიქნებით თუ არა პარლამენტში, თუკი ვინმეს არაფერი უნდა უხაროდეს, ეს კობახიძეა. მორალური და პოლიტიკური უპირატესობაც უკვე მოპოვებული გვაქვს იმ ძალაზე, რომელსაც მართვის სადავეები მიტაცებული აქვს. მესმის მათი მღელვარების, დარდისა, რადგან რესურსი არ შერჩათ, რომ ღირსეული, დამაჯერებელი, ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთონ. 24 საათი საუბრობენ ჩემზე ან იმაზე, რა ცუდი და კრიმინალი ვარ, რა საზიზღრები ვართ ოპოზიციაში, რა კარგები არიან ისინი და არც ერთი სიტყვა საზოგადოებაზე და კრიზისის დაძლევაზე, პირიქით, საუბრობენ, რომ ხელოვნური კრიზისი დასრულდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია.