ნიკა მელია - პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ციხიდან გამოსვლისთანავე მქონდა ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება, მაგრამ მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლის საკითხზე მას გადაწყვეტილება ციხიდან გამოსვლისთანავე ჰქონდა ჩამოყალიბებული, თუმცა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება.
მელიას თქმით, პოლიტიკურად არაკორექტული იქნებოდა ამ მიმართულებით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.
ნიკა მელია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ფართო მსჯელობა უნდა გაიმართოს.
„ციხიდან გამოსვლისთანავე ჩამოყალიბებული მქონდა გადაწყვეტილება, ისევე როგორც უამრავ ადამიანს ჩვენს პარტიაში, მაგრამ პოზიციების კონსოლიდირება და შეჯერება არის მნიშვნელოვანი, როდესაც პილიტიკურ პროცესში ხარ ჩართული.
თუ ვინმეს ჰგონია ან ეგონა, რომ მე, თუნდაც ათი კაცი დამოუკიდებლად მივიღებდით გადაწყვეტილებას, ისე, რომ სამი თვის განმავლობაში ელემენტარული ურთიერთობის შესაძლებლობა არ მქონდა, ჩემი აზრით, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურად არაკორექტული იქნებოდა.
როდესაც მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებ, ფართო მსჯელობა უნდა გაიმართოს იმდენად დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში, სადაც განსხვავებული, სხვადასხვა კატეგორიის ამომრჩეველი ჰყავს პარტიას. ასეთ შემთხვევაში, როცა ასეთი მსჯელობაა, როგორ წესი, გადაწყვეტილება არის სწორი. ამიტომ ეს პროცესი წარვმართე და ვფიქრობ, რომ სწორად წარვმართეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
აღნიშნული განცხადება მან წყალტუბოში გააკეთა, სადაც სასტუმრო „პრომეთეში“ პარტიის იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელებსა და მხარდამჭერებს ხვდება.
„მიხარია, რომ ვარ იმერეთში და ვხვდები მეგობრებს და არა პოლიტიკურ თანამოაზრეებს, რომლებთან ერთადაც ჩვენ მრავალი წელია, ვიბრძვით. ამ ადამიანებთან უამრავ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, ხედვები გავუცვალოთ ერთმანეთს. რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, არავისთვის არ უნდა იყოს სიახლე, რომ ვაპირებთ გამარჯვებას“, – განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.