ნიკა მელია - პარლამენტში არ უნდა შევიდეს და ვერ უნდა შევიდეს ვერცერთი ოპოზიციონერი, ამიტომ ხალხს სჭირდება მტკიცე დოკუმენტი, ვაპირებთ თუ არა იქ შესვლას
პარლამენტში არ უნდა შევიდეს და ვერ უნდა შევიდეს ვერცერთი ოპოზიციონერი, ამიტომ ხალხს სჭირდება მტკიცე დოკუმენტი, ვაპირებთ თუ არა იქ შესვლას, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში, რომელიც ხალხის ინტერესს არ გამოხატავს, მანდატმოპოვებული ოპოზიციონერი არ უნდა შევიდეს.
„ეს პარლამენტი ვერ იქნება საქართველოს პარლამენტი და იქ ვერცერთი, თუნდაც გაყალბებულ არჩევნებში მანდატმოპოვებული ოპოზიციონერი არ უნდა შევიდეს და ვერ უნდა შევიდეს. ეს არის მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი. ამ პარლამენტში, რომელიც ხალხის ინტერესს არ გამოხატავს, არავინ უნდა შევიდეს. ბევრი საუბარია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს უყვარს კონკრეტიკა. ქართველი ხალხის წინაშე, სხვადასხვა ქმედების გამო, შესაძლებელია, რეპუტაციულად არ ვიყოთ საუკეთესო ფორმაში წარმოჩენილი, ამიტომ ხალხს სჭირდება მტკიცე დოკუმენტი, ვაპირებთ თუ არა იქ შესვლას. კონკრეტული დღე როდესაც მოვა, გვჯერა, რომ ყველანი ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, არავინ არ შევა იმ პარლამენტში, რომელშიც არაფერი არ გვესაქმება. აი, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის უახლოეს პერსპექტივაში, უახლოეს კვირებში და ეს უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა მელიამ.