ნიკა მელია - ოპოზიციის შეურაცხყოფით ირაკლი ღარიბაშვილი შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს
ოპოზიციის შეურაცხყოფით ირაკლი ღარიბაშვილი შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ოპოზიციას, – ასე შეაფასა გლდანის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, სადაც მან ოპოზიციას მოღალატე უწოდა.
„რა შეფასება შეიძლება მიეცეს ბატონ ღარიბაშვილს. თავად ფაქტი, რომ ღარიბაშვილი გახლავთ თავდაცვის მინისტრი, საკმარისია, რომ ეს ხელისუფლება დამარცხდეს არჩევნებში 31 ოქტომბერს. ძნელად მახსენდება ამდენად ინტელექტისგან დაცლილი, განათლებისგან შორს მდგომი სახელმწიფო თანამდებობის პირი, როგორიც არის ირაკლი ღარიბაშვილი. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანს ელემენტარული ლექსიკაც კი არ ჰყოფნის, საკუთარი, თუნდაც მწვავე პოზიცია ისე დააფიქსიროს, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოს საზოგადოების დიდ ნაწილს. როდესაც იგი შეურაცხყოფას აყენებს ოპოზიციას, აქ შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ვინაიდან დღეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ოპოზიციას. ღარიბაშვილი არა ზრდილობის, არამედ განათლებისა და ინტელექტის ნაკლებობას განიცდის და სხვაგვარად უბრალოდ ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა: ვეკითხები ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ამ მოღალატეების გვერდით დგანან – აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც მოჰყვება ასეთი ღალატის აქტის შემდეგ ამ მოღალატეებთან თანამონაწილეობას“.